თავდაცვის მინისტრის მოადგილე - მაისში სპორტული კლუბი „არმია“ ინფორმირებული იყო, რომ დაფინანსება შეუწყდებოდა
მაისში სპორტული კლუბი „არმია“ ინფორმირებული იყო, რომ დაფინანსება შეუწყდებოდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზმა განუცხადა.
როგორც ბუთხუზმა აღნიშნა, კლუბს რომ დაფინანსება აღარ ექნებოდა, ცნობილი იყო რაგბის კავშირის ფედერაციისთვისაც.
„თავდაცვის სამინისტროს პრიორეტებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება სპორტული კლუბ „არმიას“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით 2017 წლის დასაწყისში იყო მიღებული, მაგრამ მაშინ აქტიურ ფაზაში იყო შესული სარაგბო ჩემპიონატი, შესაბამისად, სალიკვიდიაციო პროცედურებმა გადაიწია ჩემპიონატის დასრულებამდე. უკვე მაისში კლუბი ინფორმირებული იყო, რომ დაფინანსება შეუწყდებოდა და შესაბამისად, განახლდა ოფიციალური სალიკვიდაციო პროცედურები.
ზაფხულის მიწურულს, სექტემბერში რაგბის კავშირის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა ითხოვა. შეხვედრას ვესწრებოდი მეც, იგი თანმხლებ პირებთან ერთად გვეწვია და თხოვნით მოგვმართეს, რათა კლუბის არსებობა გაგრძელებულიყო 2017 წლის ბოლომდე. ისინი საქმის კურსში იყვნენ, რომ დაფინანსება, ისე, როგორც 2017 წელს, ასევე 2018 წელს კლუბს, აღარ ექნებოდა. თხოვნა შეეხებოდა მხოლოდ სტრუქტურის შენარჩუნებას, 2017 წლის ბოლომდე, არც 2017 წელს და არც 2018 წელს გათვალისწინებული არ იყო არანაირი სახსრები ამ კლუბზე. დანარჩენ პასუხისმგებლობას იღებდა ფედერაცია, ჩვენ უშუალოდ მორგაბეეთან არ გვქონია კომუნიკაცია, საუბარი გვქონდა, როგორც ფედერაციასთან, ასევე კლუბის პრეზიდენტთან. მაისიდან ყველა ინფორმირებული იყო, რომ დაფინანსება შეწყდებოდა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.