თავდაცვის მინისტრი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას აფასებს
თავდაცვის მინისტრი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას აფასებს

უმრავლესობის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

„ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მკაფიო გამოხატულება ისეთ საკითხებთან, რომელიც უკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პრინციპულ პოლიტიკას და მათ დეოკუპაციას, უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების და მათი უფლებების ურყევ დაცვას და, რასაკვირველია, კონფლიქტების მშვიდობიანი რეგულირების აუცილებლობას საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი ერთხმად  დაამტკიცა.

დეპუტატებმა დოკუმენტს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს, თუმცა კენჭისყრამდე, საკითხზე პოლიტიკური დებატები გაიმართა.

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“  2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.