თავდაცვის კომიტეტი ფინანსთა სამინისტროს მიმართავს, შსს-სა და სუს-ის მსგავსად, ხელფასები სდსს-ს დაბალი რანგის მოხელეებსაც გაეზარდოთ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი ფინანსთა სამინისტროს მიმართავს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის მსგავსად, ხელფასები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაბალი რანგის მოხელეებსაც გაეზარდოთ.
ირაკლი სესიაშვილის კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დღეს იმსჯელა და შენიშვნებიც გამოთქვა, რომელსაც მთავრობას გადაუგზავნის.
სესიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ შს სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ყველაზე დაბალი რანგის მოსამსახურეების ხელფასები 250 ლარით გაუზარდონ, თუმცა თანაბრობა ყველა იმ პირის მიმართ უნდა იყოს დაცული, ვინც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას წარმოადგენს.
„კომიტეტი მხარს უჭერს, რომ უსაფრთხოებასთან მიმართებაში ბიუჯეტების ზრდა ყოველწლიურად იყოს. მათ შორის, ეს ასახული უნდა იყოს ტექნიკური შესაძლებლობის გაზრდასა და შრომის ანაზღაურებაზე. თითოეულ უწყებაზე შეხვედრები ცალკე გვექნება. მივესალმებით, რომ შს სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ყველაზე დაბალი რანგის მოსამსახურეების ხელფასები 250 ლარით იზრდება, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს მიმართ საკითხი დავაყენეთ, რომ დაცული თანაბრობა იყოს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც უსაფრთხოების ოჯახია ნაწილია და სისტემას ემსახურება. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური მუშაობიდან გამომდინარე, ტექნიკურად მისი გაძლიერება საჭიროა. თუ თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურების პერსონალის ხელფასებს გადახედავთ, ყველაზე ნორმალური ანაზღაურება თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობას აქვს, თუმცა ეს დამაკმაყოფილებელი არ არის. სურვილი გვაქვს, რომ მას ყველა შესაბამისი უწყების დაბალი რანგის თანამშრომლების ხელფასები გაუთანაბრდეს და თანაბრობა იყოს დაცული. ისე არ აღმოჩნდეს, რომ შსს-მ ხელფასები გაუზარდოს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს არ გაეზარდოს”, – განაცხადა სესიაშვილმა.