თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დაარსებიდან სამი წელი შესრულდა. ამ დროის განმავლობაში სკოლამ უსაფრთხოების სექტორის 3677 პირი გადაამზადა და უწყებათაშორის თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუბილე მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების წარმატებით დასრულების პროცესს და აღნიშნა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო თანამშრომლობაზე და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას უწყობს ხელს. მინისტრმა ასევე შეაჯამა მიმდინარე წლის ვიზიტები აშშ-ში, იტალიასა და ბრიუსელში.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სკოლა საქართველოში მოვლენილი ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ვითარდება. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.