თავდაცვის ძალების კუთვნილი „სუ-25“-ის ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე ირაკლი ჩიქოვანი და გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი იმყოფებოდნენ
თავდაცვის ძალების კუთვნილი „სუ-25“-ის ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, რამდენიმე ჰექტარ ფართობზე შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.
„ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით, სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.
წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე, ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.
თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.