თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა
თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა

აგვისტოს ომს მიეძღვნა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და მისი მოადგილეების შეხვედრა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა აკადემიის რექტორი, გენერალი მამია ბალახაძე.

„გორი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც 14 წლის წინ რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. სწორედ გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი გახდა „ოქროს სამხილი“, რომელმაც საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა. იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარადგინა 15 მოწმე, სხვადასხვა სოფლის მცხოვრებნი, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ომის უბედურება, მათ შორის, შვილმკვდარი დედები.

2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცები, სამხედროები, რომლებმაც ომში თანამებრძოლები დაკარგეს; დაზარალებულები, რომლებმაც, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე მისცეს ჩვენებები; და სახელმწიფო ერთად არის ის ძალა, რომელმაც სტრასბურგში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება შეძლო“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, იუსტიციის მინისტრი და მოადგილეები საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შეკრებილ იუნკერებს სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავებზე ესაუბრნენ, რომლებიც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებით დასრულდა. საუბარი შეეხო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას − ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3 300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა. როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.

„იუსტიციის მინისტრმა და მოადგილეებმა განმარტეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის მძლავრი სამართლებრივი იარაღია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის.

ლექციაზე განიხილეს ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების გამოცემა ცხინვალის რეგიონის სამი „მაღალჩინოსნის“ მიმართ, რომლებსაც აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებასა და არასათანადო მოპყრობაში ედებათ ბრალი. ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოიკვეთა, აგრეთვე, რუსი გენერალი ბორისოვის პასუხისმგებლობის საკითხიც. სტრასბურგის შემდეგ ამ გადაწყვეტილებით უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტული წარმომადგენლების პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებში.

საერთაშორისო სასამართლოებში დავების საქართველოს სასარგებლოდ დასასრულებლად იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო და ფოტო მასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები და სხვა) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.