ტატუნაშვილის საქმის რეზოლუციის პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები დღეს აღარ გაიმართება
არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები დღეს აღარ გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რეზოლუციის პროექტის მიღება მომავალ სასესიო კვირაში მოხდება, შესაბამისად, საჩქარო არაფერია და კონსულტაციები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
დეპუტატი ირწმუნება, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რეზოლუცია საკმაოდ პრინციპული და სამართლებრივად გამართული იქნება.
„მომავალ კვირაში რეზოლუციას მივიღებთ. მნიშვნელობა თითოეულ სიტყვას აქვს და კონსულტაციები კვირის ბოლომდე გაგრძელდება. როდესაც კონსულტაციები დასრულდება, გეცოდინებათ, თითოეულ დეტალზე რა მსჯელობა მიდიოდა. ჩემი მხრიდან დეტალებზე ახლა საუბარი კორექტური არ იქნება. ოპოზიციას გამართული ვერსია შევთავაზეთ, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან აღსრულების მექანიზმები და ტექნიკური მხარეც კი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე შევჯერდებით”, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტში წარდგენილია რეზოლუციის ორი პროქტი, ერთი უმრავლესობას ეკუთვნის, მეორე – უმცირესობას. „ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის კონსულტაციები რეზოლუციის პროექტის ერთიან ტექსტზე შეჯერების მიზნით გაიმართა, თუმცა მხარეები ერთ დოკუმენტზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა.