თათული თოდუა - პირველი არხის გადაწყვეტილებით მოხერხდა, რომ იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებისთვის პირდაპირ ეთერში გვედევნებინა თვალი
საქართველოს პირველი არხის წვლილი მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ სწორედ მაუწყებლის გადაწყვეტილებით მოხერხდა, მოსახლეობასა და დაინტერესებულ პირებს პირდაპირ ეთერში მიედევნებინათ თვალი იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებისთვის, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, თათული თოდუამ განაცხადა.
როგორც თათული თოდუამ აღნიშნა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანდიდატების მოსმენა საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობდა.
„კომიტეტმა მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტი უზრუნველყო და მოსახლეობასაც საშუალება ჰქონდა, რომ პროცესისთვის თვალი მიედევნებინა. სახალხო დამცველი და ვენეციის კომისია აღნიშნავდნენ, რომ საზოგადოებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემის მიმართ დღეს დაბალი ნდობა აქვს. რაც ნიშნავს, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ზუსტად იმისთვის, რომ ეს ნდობა ამაღლდეს და არა პირიქით“, – განაცხადა თოდუამ.
მისივე თქმით, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა პირდაპირ რეჟიმში გასაუბრებისთვის თვალი ედევნებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის კეთილი ნების გამო.
„სამწუხაროდ, მოქმედი კანონი არ ავალდებულებს საბჭოს, პარლამენტის მსგავსად, რომ თავისივე ვებგვერდის მეშვეობით პირდაპირი ტრანსლირება უზრუნველყოს მისი სხდომებისა და კანდიდატებთან გასაუბრების, ამიტომ სახალხო დამცველმა თავის სპეციალურ ანგარიშშიც ყურადღება ამ საკითხზეც გაამახვილა. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წვლილი მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ სწორედ მაუწყებლის გადაწყვეტილებით მოხერხდა, მოსახლეობასა და დაინტერესებულ პირებს პირდაპირ ეთერში მიედევნებინათ თვალი საბჭოში მიმდინარე გასაუბრებისთვის. თუმცა სახალხო დამცველის პოზიციით, იმისთვის, რომ მომავალშიც ეს არ იყო მაუწყებლის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, ჯობს, რომ საკანონმდებლო ვალდებულება თავად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდეს იმის, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები და სხდომები მისივე ვებგვერდის საშუალებით პირდაპირი ტრანსლირებით გადაიცემოდეს“, – განაცხადა თათული თოდუამ.