ტატო ხუნდაძე - სკოლა უნდა ამზადებდეს მოქალაქეს, რადგან ის არის ინსტიტუტი, რომელიც მოქალაქეებს ზრდის
სკოლა უნდა ამზადებდეს მოქალაქეს, რადგან ის არის ინსტიტუტი, რომელიც მოქალაქეებს ზრდის, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ტატო ხუნდაძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.
„სკოლა არის ერთ-ერთი პირველი საფეხური, რომ მოქალაქეები შეიქმნას, რაც სახელმწიფოს საფუძველია“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, სკოლის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქცია ის არის, რომ ადამიანები შემდეგი საგანმანათლებლო ეტაპისთვის მოამზადოს.
„სკოლა ადამიანებს შემდეგი საგანმანათლებლო ეტაპისთვის უნდა ამზადებდეს, იქნება ეს უმაღლესი სასწავლებელი, პროფესიული განათლება, თუ სხვა მიმართულებები. სკოლა უნდა იძლეოდეს კონკრეტულ უნარებს, რომ ადამიანი ცხოვრების შემდეგი ეტაპისთვის მოემზადოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ამ განცხადებით ტატო ხუნდაძემ გადაცემის წამყვანის გიორგი გვიმრაძის შეკითხვას უპასუხა, რისთვის უნდა ამზადებს სკოლა მოზარდს და რა არის ის ამოცანა. რაც საგანმანათლებლო სისტემამ საშუალო განათლების ეტაპზე უნდა უზრუნველყოს.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, სკოლებში პრობლემების დიდი სპექტრია.
„ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მასწავლებლის პროფესია სათანადოდ დაფასებული არ არის. მასწავლებლის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია და მეტიც, მასწავლებლობა ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად პროფესიად ითვლება. შედარებით მაღალი აკადემიური მოსწრებით გამორჩეული სტუდენტებს სურვილი აღარ აქვთ, მასწავლებლები იყვნენ. არადა, მასწავლებლის მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება განუზომელია“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ეს პრობლება შემდეგ უკვე, სხვა დამატებით პრობლემებს შობს, როგორიცაა სკოლებში მასწავლებლის ავტორიტეტის და განათლების ხარისხის ვარდნა.
„ეს შობს ასევე სოციალურ პრობლემებს, როგორიცაა მათ შორის, აგრესია და ძალადობა, რაც სკოლებში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა და ამან ძალიან მწვავე შედეგები გამოიღო. სამწუხაროდ, ამის განხილვა არ ხდება. როცა ერთი მოსწავლე მეორეს მოკლავს და კონკრეტული ფაქტის წინაშე ვდგებით, ამ საკითხებზე მსჯელობას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, პრობლემის საფუძველზე და ფუნდამენტურ მიზეზებზე კი არ ვმსჯელობთ“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.