ტატო ხუნდაძე - ოპოზიცია იდეოლოგიისგან დაცლილია, „ქართული ოცნება“ მოვა დიდი უმრავლესობით, რა შიდა თუ გარე ფაქტორებიც ახლაა, არ არსებობს ალბათობა, რომ პარლამენტში სხვა ტიპის შემადგენლობა მივიღოთ
„ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია დგას, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილზე და იმ პოლიტიკაზე, რაც მან დაამკვიდრა; მეორე, ეს არის ოპოზიციის უუნარობა, – ამის შესახებ პირველი არხის ანალიტიკოსმა, ტატო ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„შესაბამისად, თუ გამოვაკლებთ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, ამას გამოვყოფთ, როგორც ცალკე ფაქტორს და ვიტყვით, რომ ეს გაიყოს რაღაც ნაწილებად, ამ შემთხვევაში იქნება, რომ ნული დაყო რაღაც ნაწილებად. ნულისგან ხომ თვისობრივად არაფერს მიიღებ?! ამიტომ მე ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, „ქართულ ოცნებას“ რამე ჯგუფი გამოეყოს და შემდეგ ის გახდეს პოპულარული“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, პოლიტიკა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის პარტია, რომელიც არ ქმნის კონფრონტაციას; და მეორე, ეს არის – არა ძალადობას, ამის ალტერნატიული იდეოლოგიური ფენები კი „ქართულ ოცნებაში“ არ ჩანს.
რაც შეხება ოპოზიციის უუნარობას, ხუნდაძის განცხადებით, იდეოლოგიის კუთხით ოპოზიციის შიგნით აბსოლუტური ნულია.
„ოპოზიცია არის იდეოლოგიისგან დაცლილი და მთავარ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში დგას, პასუხი არ აქვს. ყველა გამოკითხვით, მთავარ პრობლემად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე, მაგრამ ოპოზიცია ლაპარაკობს გამოგონილ თემებზე, რომლებიც მთლიანად აცდენილია რეალობას. ოპოზიცია ლაპარაკობს გამჭვირვალობასა და დემოკრატიზაციაზე, ეს თემები კი საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა. საზოგადოებას სჭირდება სამსახური და შემოსავალი, რომ ჰქონდეს უკეთესი განათლება და ჯანდაცვა, ოპოზიცია კი ამაზე არ ლაპარაკობს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
პირველი არხის ანალიტიკოსმა საგარეო ფაქტორებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსთვის არავის სცალია, პირველ რიგში, სტრატეგიულ მოკავშირეს, აშშ-ს.
„აშშ-ში არის სერიოზული შიდა პოლიტიკური დაძაბულობა. ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან დასუსტებულია და არსებობს მაღალი ალბათობა, ტრამპი დაბრუნდეს პრეზიდენტად, რაც არ არის უბრალოდ აშშ-ის პრეზიდენტის რიგითი ცვლილება. ეს იქნება ფუნდამენტური ცვლილება აშშ-ში, იქიდან გამომდინარე, რომ იდეოლოგიური მექანიზმები, რაც აქამდე მუშაობდა, მათ შორის, ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიც საქართველოა, იქნება მეტწილად შეცვლილი. მაგალითად, ტრამპი პირდაპირ ამბობს: „მე დავასრულებ ომს უკრაინაში“. რას ნიშნავს უკრაინაში ომის დასრულება? ეს ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, უკრაინა აქედან გამოვა დამარცხებული. ანუ, მთლიანად იცვლება გეოპოლიტიკური დღის წესრიგი. ასეთი ჭიდილია დღეს ჩვენი მთავარი პარტნიორის შიდა სამზარეულოში და ჩვენთვის არ სცალიათ“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, იგივე შეიძლება ითქვას ევროპაზეც, სადაც დიდი ეკონომიკური კრიზისია.
„მთავარი წამყვანი ძალა, გერმანია არის რეცესიაში. მისი ეკონომიკა წელს შემცირდა, რაც არის უპრეცედენტო შემთხვევა და ამას შეიძლება ჰქონდეს დიდი პოლიტიკური გამოვლინებები არა მარტო გერმანიისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. ასე რომ, ევროკავშირის იდეასაც ემუქრება საფრთხე. არ ვიცი, ეს პოზიტიურია თუ ნეგატიური, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ მოვა დიდი უმრავლესობით, თუ რამე ისეთი არ მოხდა, რამაც შეიძლება, დრამატულად შეცვალოს ვითარება. რა შიდა თუ გარე ფაქტორებიც ახლაა, სხვა ალბათობა არ არსებობს, რომ ჩვენ სხვა ტიპის შემადგენლობა მივიღოთ პარლამენტში. პირიქით, იქნება უფრო დიდი უმრავლესობა“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.