ტარიფებთან დაკავშირებით ხვალ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება
ტარიფებთან დაკავშირებით ხვალ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში კარდიოლოგებთან შეხვედრა გაიმართება, რომელზეც კრიტიკული შემთხვევებისას პაციენტების მომსახურების საფასურის საკითხი განიხილება. კერძოდ, მსგავსი შემთხვევებისთვის დამატებითი კოდები ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სერვისებზე ცალკე ტარიფები დაწესდება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მიაწოდა.

მისივე თქმით, სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფო ელექტრული სამედიცინო აპარატის, დეფიბრილატორის მომსახურება ფაქტობრივი ხარჯებით მოხდება და წინასწარი ხარჯით აღარ განისაზღვრება.

ცვლილებების ამოქმედება იანვრის ბოლომდე იგეგმება.

თამარ გაბუნიას განცხადებით, შეხვედრები თემატურ ჯგუფებთან ინტენსიურად მიმდინარეობს და გუშინ შედგა შეხვედრა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტებთან.

„ხვალინდელი შეხვედრა ჩატარდება, რათა დაზუსტდეს დეტალები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ცვლილებების ასახვა. ეს ცვლილებები იგეგმება იანვრის ბოლომდე, ხოლო დანარჩენი მუშაობა გრძელდება, კონსულტაციებიც გრძელდება და ძალიან ინტენსიურია იმაზე, თუ რომელი დაავადებებისთვის უნდა მომზადდეს პროტოკოლები და გაიდლაინები, რომ ხელი შეეწყოს ამ კარგი პრაქტიკის განვითარებას და შემდეგ უკვე ახალი განფასების პროცესი დაიწყება,“ – აცხადებს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლის თანახმად, კარიოდიქურგიის სერვისებზე ერთიანი, გათანაბრებული ტარიფები ამოქმედდა. ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებს ეხება. კლინიკებმა დაწესებული ტარიფები გააპროტესტეს და მათი გაზრდა მოითხოვეს.