ტარიელ ნაკაიძე - ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია, ვფიქრობ, თუნდაც მოღალატეს, თუნდაც ადამიანს, რომელმაც დიდი დანაშაულები ჩაიდინა, აქვს უფლება, სამშობლოს მიწაში დაიმარხოს
ტარიელ ნაკაიძე - ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია, ვფიქრობ, თუნდაც მოღალატეს, თუნდაც ადამიანს, რომელმაც დიდი დანაშაულები ჩაიდინა, აქვს უფლება, სამშობლოს მიწაში დაიმარხოს

არ მიმაჩნია პრობლემად, რომ მოხდეს ასლან აბაშიძის ამნისტირებაც, ვფიქრობ, თუნდაც მოღალატეს, თუნდაც ადამიანს, რომელმაც დიდი დანაშაულები ჩაიდინა, აქვს უფლება, საკუთარი სამშობლოს მიწაში დაიმარხოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა პარლამენტში, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

მისივე შეფასებით, ასლან აბაშიძემ პასუხი უკვე აგო და ადამიანების მიმართ ჰუმანური მიდგომა უნდა გამოიჩინონ.

„ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ვფიქრობ, სწორიც არის. აქ ჩემი კოლეგების მიერ გაჟღერდა, ვის შეეხებოდა, ვის არა და პრეტენზიები, შეეხება თუ არა ეს ასლან აბაშიძეს. მე, პიროვნებას, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში არაერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩენილვარ, მიმაჩნია, რომ უფრო ჰუმანური აქტი იქნება, ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად საფრთხესაც ვეღარ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში, უფლება მივცეთ, როგორც მინიმუმ, ჩვენს ქვეყანაში დაიკრძალოს და ამ მიწაში მოკვდეს.

ამიტომ მე არ მიმაჩნია პრობლემად, რომ მსგავსი ადამიანების ამნისტირებაც მოხდეს, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ მისი ბაბუა, მემედ აბაშიძე იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, დღეს რომ აჭარა გვაქვს, აჭარა არის საქართველოს ერთიანობის ქვეშ. ამიტომ რაღაც მორალური სიტუაციაც გვაქვს ჩვენ, რომ ასლან აბაშიძე დაბრუნდეს თავის ქვეყანაში. მე ვფიქრობ, მან აგო პასუხი, რაც ჩაიდინა და საკუთარ თავზეც მიწვნევია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება ჩვენთვის. უნდა ვიყოთ ჰუმანურად მიმდგომი ადამიანების მიმართ და ვფიქრობ, თუნდაც მოღალატეს, თუნდაც ადამიანს, რომელმაც დიდი დანაშაულები ჩაიდინა, აქვს უფლება, საკუთარი სამშობლოს მიწაში დაიმარხოს. ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი კოლეგების პრეტენზია, რომ მსგავს ადამიანებს არ უნდა შეეხოს, არა მგონია, სწორი და ჰუმანური იყოს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ამასთან, კანონპროექტის ავტორის, მომხსენებელ მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამნისტია ასლან აბაშიძეზე და იგორ გიორგაძეზე არ ვრცელდება.

„ვერ გავაკეთებთ ინდივიდუალურ სიას, რომელი კონკრეტული პირია მსჯავრდებული და ძებნილი რომელი დანაშაულისთვის, მაგრამ იმ ფიგურებზე, რომლებიც არიან პოლიტიკური ინტერესის საგანი, საჯარო წყაროებიდანაც შეიძლება ინფორმაციის მოძიება და იმის მიხედვით ძალიან მარტივია, უნდა შევადაროთ, რა მუხლებით არიან მსჯავრდებული ის პირები. მაგალითად, დასახელდა აქ რამდენიმე გვარი. შესაბამისად, ავიღებთ ინფორმაციას და ვნახავთ, რომ რეალურად არ ვრცელდება, მაგალითად გიორგაძეზე ან აბაშიძეზე. თუმცა, არის იქ 2004 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულების კატეგორია, დაახლოებით 300-მდე ადამიანს შეიძლება, შეუწყდეს ძებნა და ზემოქმედების ეს ღონისძიება. ოღონდ, საუბარია ეკონომიკურ დანაშაულებზე. თუ რაიმე სხვა დანაშაული არ აქვს ჩადენილი ბატონ მამალაძეს, ისიც იქნება ამნისტირებული. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, თქვან, რომ ახლა იმის გამო, რომ ვიფრთხილო და ვინმემ საყვედური არ მითხრას, რატომ მოახდინე მამალაძის ამნისტირება, ამიტომ 300 კაცს შეღავათი არ შეახოო, ეს არ მგონია, მართებული იყოს, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.