ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ ყურბან ბაირამის დღესასწაულზე პარლამენტის სხდომების გაცდენის გამო ხელფასის 10 პროცენტი ჩამოაჭრეს, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებს
დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ ყურბან ბაირამის დღესასწაულზე პარლამენტის სხდომების გაცდენის გამო ხელფასის 10 პროცენტი ჩამოაჭრეს, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობა თუ რამდენიმე დღესასწაულს აღნიშნავს და ადამიანებს აქვთ უფლება, ეს დღესასწაული გაატარონ სახლებში და უქმედ იყოს გამოცხადებული, სხვა რელიგიური ჯგუფებისთვისაც მნიშვნელოვანი დღესასწაულები უქმედ უნდა იყოს გამოცხადებული.
„28 ივნისს იყო მუსლიმური დღესასწაული ყურბან ბაირამი, მე 27 ივნისს პლენარულ სხდომაზე განვაცხადე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი დღესასწაული, არ დავესწრებოდი 28-29 ივნისის პლენარულ სხდომებს. ამავე დროს დავაფიქსირე აზრი, რომ აუცილებელია, საკანონმდებლო სივრცეში მოწესრიგდეს ეს დისკრიმინაციული ნორმა. ერთი კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობა თუ რამდენიმე დღესასწაულს აღნიშნავს და აქვთ ადამიანებს უფლება, რომ ეს დღესასწაული გაატარონ თავიანთ სახლებში და უქმედ იყოს გამოცხადებული, სხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვანი დღესასწაულები უქმედ გამოცხადდეს. მე დამაჯარიმეს ჩემი ხელფასის 10 პროცენტით. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ფაქტი დისკრიმინაციის გაგრძელების, რომელიც ზოგადად ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გვაქვს. მე ამ ფაქტს გავასაჩივრებ სასამართლოში. ამავდროულად, საშემოდგომო სესიაზე შევიტან საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა რელიგიურმა და ეთნიკურმა ჯგუფებმა უნდა ისარგებლონ უქმე დღეებით საკუთარი დღესასწაულებზე. ეს არის დაახლოებით ექვსი დღე სხვადასხვა რელიგიური უმცირესობებისთვის. იმედი მაქვს, პარლამენტის წევრები დაუჭერენ მხარს ამ ინიციატივას. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული რელიგიური აჩემება, ეს არის საკანონმდებლო დონეზე ინკლუზიური თანასწორობის უფლების განხორციელება“, – განაცხადა ნაკაიძემ.