ადვოკატი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, ალტერნატიულ ექსპერტიზას ველოდებით
ადვოკატი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, ალტერნატიულ ექსპერტიზას ველოდებით

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხება. ორივე არასრულწლოვანია და პირველ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა. საქმეზე უკვე დაკითხულია კონფლიქტში მონაწილე ხუთი არასრულწლოვანი, ისინი ე.წ პირდაპირი მოწმეები არიან.

გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტში სულ ოცდახუთი არასრულწლოვანი მონაწილეობდა.

ადვოკატების ინფორმაციით, სწორედ არასრულწლოვნების ჩვენებებია მნიშვნელოვანი, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, გამოძიების ეტაპზე მიცემული და შემდგომ, სხდომაზე გაჟღერებული ჩვენებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

სხდომები საქალაქო სასამართლოს ნაცვლად, უზენაესი სასამართლოს შენობაში გაიმართება. როგორც ცნობილია, ეს ტექნიკურ დეტალებს უკავშირდება, აღნიშნული გადაწყვეტილება საქმის განმხილველმა მოსამართლემ მიიღო. გარდა ამისა, დაცვის მხარე რამდენიმე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება.

„დავნიშნეთ საკმაოდ ბევრი ექსპერტიზა, იმისათვის, რომ საქმეზე უტყუარი ჭეშმარიტება დადგინდეს, ამისთვის ნივთიერი მტკიცებულებებია საჭირო, რაც ჩვენთვის ამ დრომდე არ გადმოუციათ“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, გასული წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანია დაკავებული. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა.