ტარას სტეპანენკო - ტყუილია, რომ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე არ იხარჯებიან #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების ნახევარმცველმა, ტარას სტეპანენკომ Tribuna.com-თან გუნდში არსებული ვითარებაზე ისაუბრა.
„როდესაც ეროვნულ ნაკრებში პირველად მოვხვდი, ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო. ასე უნდა იყოს ყველა ფეხბურთელი. 35 წლისა ვარ და ეროვნული ნაკრების მიმართ დამოკიდებულება არ შემიცვლია. ყველა გულშემატკივარმა, ფუნქციონერმა და მოთამაშემ უნდა გაიგოს, რომ ნაკრების მოთამაშეები გუნდისთვის ყველაფერს აკეთებენ.
საუბარი, თითქოს ნაკრების ფეხბურთელებს თამაში არ სურთ და მოედანზე ბოლომდე არ იხარჯებიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ეროვნულ გუნდში ჩამოსული ყველა მოთამაშე ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს და სურს, გულშემატკივარი გაახაროს“, – განაცხადა სტეპანენკომ.
უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, 22:45 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.