ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ტაქსის მძღოლებისთვის 200-ზე მეტი ლიცენზია გაიცა.
როგორც მერმა აღნიშნა, ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ.
„სიახლე გვაქვს ის, რომ გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან და 21 აგვისტოდან ნებართვის აღება ასევე შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლში. მადლობა მინდა გადავუხადო თეა წულუკიანს თანადგომისთვისა და თანამშრომლობისთვის. გარდა იმისა, რომ ზოგადად გავამარტივეთ ეს პროცედურები და შესაძლებელია, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ლიცენზია, ასევე მომსახურების მიღება შესაძლებელია ათივე გამგეობაში და 21 აგვისტოდან ამას ემატება იუსტიციის სახლი.
როგორც იცით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია. სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც მოქალაქეებისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდებას აპირებს, პირველ ოქტომბრამდე ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღონ, იაქტიურეთ.
1-ელი ოქტომბრიდან ვისაც არ ექნება ლიცენზია, შეუძლებელია მან ეს სერვისი განახორციელოს. შემოწმებისას, ვისაც ლიცენზია არ ექნება, დაჯარიმდება. თუ არ ვცდები, ჯარიმა 200 ლარი არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.