ტანია ფაიონი - ვისურვებდი, თანმიმდევრული ვიყოთ პარტნიორებისადმი, ესაა წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, უკრაინასთან, ძლიერი გზავნილები საქართველოსა და მოლდოვისთვის
2030 წელს ვისურვებდით, რომ ვიხილოთ ევროკავშირი გაფართოებული, ჩართული და გაძლიერებული, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონიმ ბერლინში, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
ტანია ფაიონის თქმით, მისი სურვილია, ევროკავშირი იყოს თანმიმდევრული საგარეო საქმეებსა და პოლიტიკაში.
„ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ბოლო დღეებში ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რა არის ისტორიის სწორ მხარეს ყოფნა? და მე ვპასუხობ საკუთარ თავს, რომ ეს არის მშვიდობისკენ სწრაფვა. მე ვუყურებ სლოვენიისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოში არსებული სიტუაციის პერსპექტივიდან, სადაც პირველი იანვრიდან არამუდმივი წევრის სტატუსი გვექნება. ჩვენთვის, პატარა ქვეყნისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანია მულტილატერალიზმი. დღეს ჩვენ გვაქვს უშიშროების საბჭო, სადაც ვხედავთ, რომ წესები არ მუშაობს და ძალიან რთულია, იპოვო კონსენსუსი. ჩვენ ვერ შევძელით საერთო პოზიციის შეთანხმება ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცვა ყველა მხარეს, მძევლების გათავისუფლება, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას. ამავე დროს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ კანადის ძალისხმევას, რომელიც სასტიკი ტერორისტული თავდასხმის დაგმობას გულისხმობდა. ვფიქრობ, როდესაც ვუყურებთ ამ სიტუაციას, ჩვენ, ყველას გვინდა მშვიდობა და ის, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს მთელ რეგიონში.
ვისურვებდი, ვიპოვოთ თანმიმდევრულობა ჩვენს საგარეო საქმეებში და პოლიტიკაში, არა მხოლოდ ვეცადოთ ევროპის გაძლიერებას და გაერთიანებას ჩვენს პარტნიორებთან, არამედ ასევე ვიყოთ თანმიმდევრული მთელ მსოფლიოში ჩვენი პარტნიორების მიმართ. მოკლევადიან პერიოდში ეს არის ევროკავშირის დეკემბრის სამიტი, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წევრობის მოლაპარაკებების გახსნა, იმავე უკრაინასთან დაკავშირებით, ძლიერი გზავნილების გაგზავნა მოლდოვისთვის, საქართველოსთვის, ასევე წინსვლა ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ალბანეთთან, ვიზალიბერალიზაცია კოსოვოსთვის. ასე რომ, საქმე ბევრი გვაქვს და ჩვენ გასულ წელს გადავდგით რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა დეკემბრის სამიტი უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტანია ფაიონიმ.