„თანასწორობის მოძრაობა“ „ღირსების მარშთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „თანასწორობის მოძრაობა” არასდროს ყოფილა ჩართული „თბილისის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში.
მათივე ინფორმაციით, „თანასწორობის მოძრაობა” არც ერთ ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობს.
„ეს ღონისძიებები ტარდება „თბილისის პრაიდის“ მიერ, რომელიც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, „შეწყვიტონ ლგბტ+ თემის უფლებებით მანიპულირება, თემის სახელით საუბარი და პრაქტიკაში განახორციელონ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქტები ქვიარ ადამიანების მიმართ“.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ „თბილისის პრაიდის” გარშემო შექმნილ მდგომარეობას და მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს.
მიმართვა თემის წევრებს:
„თანასწორობის მოძრაობა” კარგად იაზრებს, რომ ლგბტ+ თემი არის მრავალფეროვანი და მის წევრებს აქვთ განსხვავებული პოზიციები და სტრატეგიები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თბილისის პრაიდის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების პოზიციები. ჩვენ ვაღიარებთ ლგბტ+ თემის წევრებისათვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას, თუმცა ასევე, კარგად ვიაზრებთ თემის იმ ნაწილის პოზიციას, რომელიც ხილვადობის პოლიტიკის ალტერნატიული გზების ძიების აუცილებლობას ხედავს და ფართომასშტაბიანი აქციების გადააზრების ინიციატივით გამოდის.
„თანასწორობის მოძრაობაში“ კარგად გვაქვს გააზრებული ყველა ის შედეგი, რაც შესაძლოა თბილისის პრაიდსა და უშუალოდ “ღირსების მარშს” მოჰყვეს. ჩვენ ვხედავთ ძალადობისა და თავდასხმების გაზრდილ შემთხვევებს, რომელთა სამიზნეც ლგბტ+ თემის წევრები, განსაკუთრებით, კი ტრანსგენდერი ქალები, ხდებიან.
„თანასწორობის მოძრაობა” პრაიდის კვირეულის განმავლობაში გააგრძელებს სერვისების მიწოდებას და მოუწოდებს თემის წევრებს საფრთხის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ პოლიციასა და ორგანიზაციას. თუმცაღა, ჩვენ კარგად ვიაზრებთ ჩვენი რესურსების სიმწირეს და ვაცხადებთ, რომ თავდასხმების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, ჩვენი რესურსები ვერ გაწვდეს ყველა შემთხვევას, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდნენ თემის წევრები. აქედან გამომდინარე, გვსურს, მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს და მოვუწოდოთ იმ საფრთხეებისა და რისკების გაანალიზებისკენ, რომლის წინაშეც შესაძლოა პრაიდის კვირეულისა და მის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდნენ.
მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს:
„თანასწორობის მოძრაობას” მნიშვნელოვნად მიაჩნია ყურადღების გამახვილება “ღირსების მარშის” გარშემო არსებული უსაფრთხოების საკითხებზე. უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ყველა ადამიანისა თუ სოციალური ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება. ლგბტ+ თემი წლებია ვერ სარგებლობს საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ვერ დაიცავენ “ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოებას, მხოლოდ და მხოლოდ ამწვავებს ამ ფაქტს.
“თანასწორობის მოძრაობა” თემის წევრების მიმართ გაზრდილი ძალადობის შემთხვევებიდან გამომდინარე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს ვალდებულება და დაიცვას ლგბტ+ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, უზრუნველყოს თემის წევრების მიმართ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.
მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში და პროაქტიურად იმუშაოს ჰომოფობიური და ტრანსფობიური დამოკიდებულებების წინააღმდეგ, რათა ლგბტ+ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულებები შეიცვალოს.
მიმართვა საქართველოს საპატრიარქოს:
ასევე, გვსურს გამოვეხმაუროთ მართლმადიდებელი ეკლესიის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც ის ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება.
მიგვაჩნია, რომ ეკლესიის პოზიცია აღვივებს საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს და ხელს უწყობს ძალადობასა და თავდასხმების ზრდას თემის წევრების მიმართ. მოვუწოდებთ, საპატრიარქოს შეწყვიტოს ლგბტ+ თემის წევრების დევნისა და სიძულვილის პროპაგანდა.
მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს:
„თანასწორობის მოძრაობას” მნიშვნელოვნად მიაჩნია, კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია პოლიტიკური ძალების მხრიდან ლგბტ+ თემის ინსტრუმენტალიზაციის შესახებ. წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ ლგბტ+ უფლებების პოლიტიკური ძალაუფლების გამყარებისთვის გამოყენების ტენდენციას. ხელისუფლება, ასევე, ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები არ ერიდებიან თემის უფლებებით მანიპულერებას და უხეშად ერევიან თემის წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ასევე, წლების განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გამოუცხადებია ლგბტ+ თემის უფლებები პრიორიტეტულად და არ უზრუნიაჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩაგვრის წინააღმდეგ სისტემური და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებაზე. გარდა ამისა, თემის უფლებები განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამუდმებით ხდება მანიპულაციისა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური სენტიმენტების გაღვივების ხარჯზე პოლიტიკური ძალაუფლების მოხვეჭის საგანი.
დაბოლოს, ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გაუტარებია სისტემური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების აღმოცენებისა და განვითარების შესაჩერებლად.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გვსურს მივმართოთ პოლიტიკურ პარტიებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ შეწყვიტონ ლგბტ+ თემის უფლებებით მანიპულირება, თემის სახელით საუბარი და პრაქტიკაში განახორციელონ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქტები ქვიარ ადამიანების მიმართ“,- აღნიშნულია განცხადებაში.