თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული ანიმაციური სერიალი „მაშველები“ ბეჭდურ მედიაშიც გამოვა [ვიდეო]

თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული ანიმაციური სერიალი „მაშველები“ ბეჭდურ მედიაშიც გამოვა.

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და გამომცემლობა „ზებრას“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, რომლის თანახმად „ზებრა“ ათ სხვადასხვა სახის გამოცემაზე იმუშავებს.

როგორც გამომცემლობის ხელმძღვანელი ამბობს, პირველ ეტაპზე, ორი გასაფერადებელი ალბომი და აქტივობების წიგნი დაიბეჭდება. აქტივობების წიგნი გასართობ-შემეცნებითი იქნება, სადაც მოზარდები თავსატეხებს ამოხსნიან და მაშველების საინტერესო დავალებებს შეასრულებენ.

„ძალიან მომწონს „მაშველების“ ვიზუალური მხარე, ძალიან ლამაზია ყველა პერსონაჟი. მთავარი არის ამ პროექტის შემეცნებითი ნაწილი. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ბავშვი მარტივად ითვისებს ცოდნას თამაშით. აქტივობების წიგნი იძლევა საშუალებას, ის ინფორმაცია, რაც არის ამ სერიალში, თავსატეხების სახით მივაწოდოთ ბავშვებს. ჩვენც ძალიან საინტერესო სამუშაო გველის“, – აცხადებს გამომცემლობა „ზებრას“ ხელმძღვანელი მაკა კასრაძე.

„მაშველებს“ ჯერ კიდევ ეკრანზე გამოსვლამდე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველი ქართული 3D ანიმაციური სერიალის შექმნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, პროექტით სხვადასხვა გამომცემლობა დაინტერესდა. საქართველოს პირველმა არხმა არჩევანი გამომცემლობა „ზებრაზე“ შეაჩერა.  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ამბობს, რომ მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია გარე ინდუსტრიების განვითარება, სწორედ ამიტომ შეარჩიეს თანამშრომლობისთვის პატარა სტუდია, რომელიც უკვე თორმეტი წელია, კონკრეტულად საბავშვო წიგნებს გამოსცემს, თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორისაა „უნივერსალი“.

„პირველი არხის მიზანია და 2021-2022 წლების სტრატეგიაც ასეთი იქნება, რომ ჩვენ არამხოლოდ ჩვენი კონტენტის ნაწილში ვრჩებით, არამედ გარე ინდუსტრიას ვუწყობთ ხელს განვითარებაში. ეს ინდუსტრია არ არის მხოლოდ სატელევიზიო, არამედ – პრინტინდუსტრია. ავირჩიეთ პატარა სტუდია, რომელსაც ხელს შევუწყობთ ჩვენი პროდუქტით. გვექნება რვეულები, სახატავები და რაც პირველი არხისთვის მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი იქნება შემეცნებითი. მასში იქნება ღირებულება, რომელსაც პირველი არხი თითოეულ თავის გადაწყვეტილებასა და პროდუქტში დებს“, – აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.

რაც შეეხება ანიმაციურ სერიალს „მაშველები“, ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელზეც საქართველოს პირველი არხის დაკვეთით სტუდია „ვესტ ანიმეიშენი“ მუშაობს.

მაშველები