თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ტერეზე ვებერის გამოფენას მასპინძლობს
„ქაღალდი-ხელი და შთაგონება.მოთხრობები ხელოვნებაში“ – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც შვეიცარიელი ხელოვანის ტერეზე ვებერის ნამუშევრებს აერთიანებს. საქართველოში მის პირველ პერსონალურ გამოფენას, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს.
გამოფენის ფარგლებში 50-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებიც მხატვარს სხვადასხვა ტექნიკით აქვს შესრულებული. ტერეზე ვებერი უკვე 25 წელია რაც ქაღალდის ბოჭკოს, თავის ნამუშევრებში საბაზისო მასალად იყენებს და მას ნახატთან, ბეჭდურ გრაფიკასა და ფოტოგრაფიასთან აერთიანებს.
ტერეზე ვებერის პერსონალური გამოფენა, შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება და მისი ნახვის საშუალება დამთვალიერებელს 23 აპრილის ჩათვლით ექნება.
„გამოფენა უნიკალურია ტერეზე ვებერის არტისტული მიდგომების და ტექნიკის გამო, გარდა ამისა მიმაჩნია, რომ მისი ნამუშევრები ზუსტად გამოხატავს შვეიცარიელი ხალხის ხასიათს და მათ გახსნილობას. ის ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში და სხვადასხვა კულტურებიდან ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიეღო ტექნიკის გასაუმჯობესებლად, სწორედ ეს მგონია წარმატების მთავარი რეცეპტი”, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა.