თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი „თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“ გამოაცხადა. კონკურსისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი შეადგენს 14 000 ლარს და მისი მიზანია დრამატურგთა მოტივაციის ამაღლება, პოპულარიზაცია და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; ახალი ქართული პიესების შექმნისა და უცხოური დრამატურგიის ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმნის მხარდაჭერა; საქართველოს თეატრების რეპერტუარის შევსება, განახლება და გამრავალფეროვნება; თანამედროვე სათეატრო პროცესის გააქტიურება.
2021 წელს მოცემული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ორი პროექტი:
1. პროექტი კირკე – „ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა; ეილიტ მარომის მასტერკლასები”, განმახორციელებელი – ა(ა)იპ სამი კურდღელი. პროექტის ფარგლებში ნიდერლანდელმა არტისტმა, ცეკვის კომპანიის „Helicopter” წარმომადგენელმა, ეილიტ მარომმა ქართული აუდიტორიისთვის გამართა 10 უფასო ონლაინ მასტერკლასი ქორეოგრაფიული წარმოდგენის სცენარის შექმნასა და არტკრიტიკაში. მასტერკლასების ძირითადი თემა იყო ქორეოგრაფიული წარმოდგენის სცენარი (ქორეოდრამა).
2. პროექტი „დრამატურგიის ყოველწლიური საავტორო ფესტივალი”, განმახორციელებელი – შპს ქამელეონი. პროექტის ფარგლებში, ქართულად ითარგმნა ფრანგი დრამატურგის ბერნარ-მარი კოლტესის ხუთი პიესა, გაიმართა ერთ-ერთი პიესის თეატრალური კითხვა, ჩატარდა ვორქშოპი და სემინარი.
წელს, საკონკურსოდ მიიღება პროექტები, რომელთა მიზანია დრამატურგიის სფეროში შესაბამისი კონკურსების, სემინარების, მასტერკლასებისა თუ დრამატურგიის განვითარების სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების გამართვა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ თეატრის ან/და ლიტერატურის სფეროში მოქმედ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს:
ა) პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დრამატურგთა ახალი სახელების წარმოჩენას;
ბ) პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე მსოფლიო დრამატურგიის ტენდენციებისა და ნოვაციების ქართულ თეატრსა და დრამატურგიაში დანერგვის წახალისებას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 13 აპრილიდან 2022 წლის 21 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 25 21 88 (სამუშაო საათებში). ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 10 მაისისა.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 10 მაისისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და კონკურსის პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – cutt.ly/ePGNsau
კონკურსის პირობები – cutt.ly/YFRxaS9.
ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.