თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, წლებია, ფონდში დირექტორის თანამდებობას არ იკავებს, არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მის საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებენ
თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, წლებია, ფონდში დირექტორის თანამდებობას არ იკავებს, არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მის საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებენ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წლებია, ფონდში დირექტორის თანამდებობას არ იკავებს, არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

„გიორგი ბაჩიაშვილი, უკვე წლებია, აღარ არის ფონდში დირექტორის პოზიციაზე. ის არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. შესაბამისად, ამ თემაზე საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია მასზე. არც დადიოდა ფონდში ყოველდღიურ რეჟიმში, თავისი პოზიციიდან გამომდინარე.

ეს საკითხი საქართველოს თანაინვესტირების ფონდს არ ეხება. რადგან ის დღეის მდგომარეობით არ არის დირექტორი, ჩვენ მის მაგივრად კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს თანაინვესტირების ფონდის პრესსამსახურში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.