„თანაინვესტირების ფონდის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, ფონდის 10-მდე წარმომადგენელი თვითიზოლაციაშია
„თანაინვესტირების ფონდის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, ფონდის 10-მდე წარმომადგენელი თვითიზოლაციაშია

„თანაინვესტირების ფონდის“ ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს „თანაინვესტირების ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნუცა ქისტაურმა განუცხადა, აღნიშნული თანამშრომელი რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან. თუმცა მანამდე, დაახლოებით დღე-ნახევრის განმავლობაში სამსახურში იმყოფებოდა.

ნუცა ქისტაურის თქმით, დაინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და ფონდის 10-მდე თანამშრომელი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. არც ერთ მათგანს ვირუსის სიმპტომი არ აღენიშნება, შესაბამისად არც ტესტი ჩატარებიათ.

„ორშაბათს ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს, ლუგარის ლაბორატორიის კვლევის თანახმად COVID-19  დაუდგინდა. მას შემხებლობა ჰქონდა დაახლოებით 10-მდე თანამშრომელთან და ისინი იდენტიფიცირებული არიან, კონტაქტები სრულად დადგენილია და ყველა იმყოფება თვითიზოლაციაში. ამ 10-მდე ადამიანს ამჟამად არც ერთს არ აქვს სიმპტომატიკა. ყველა კარგად გრძნობს თავს. რაც შეეხება ჩვენს ინფიცირებულ თანამშრომელს, როგორც კი გაიგო, რომ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ისეთ პირთან, რომელსაც ლაბორატორიულად დაუდგინდა COVID-19, მაშინვე გადავიდა უკვე თვითიზოლაციაში და სამი-ოთხი დღის განმავლობაში არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონია არავისთან“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

როგორც „თანაინვესტირების ფონდში“ აცხადებენ, მათი ინფორმაციით, დაინფიცირებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნება დაბალი ტემპერატურა და გართულებები არ აქვს. ფონდში ასევე განმარტავენ, რომ ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ამჟამად დაკეტილია.