თანაინვესტირების ფონდი - ბაჩიაშვილისთვის თუ ცნობილი იყო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას არჩევნების წინ, ჩნდება ეჭვი, რომ ხდება თემების პოლიტიზება
თანაინვესტირების ფონდი - ბაჩიაშვილისთვის თუ ცნობილი იყო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას არჩევნების წინ, ჩნდება ეჭვი, რომ ხდება თემების პოლიტიზება

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი დავით გალუაშვილი განცხადებას ავრცელებს და ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მედიასთან გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბაჩიაშვილის მიერ განცხადებების არჩევნების წინა დღეებში გაკეთება აჩენს ეჭვს, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემების პოლიტიზება და იკვეთება პოლიტიკური ნიშნები.

„გავეცანი „TV პირველზე“ გასულ გადაცემას – „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი და მიანიშნებს რომ თითქოს ბატონი ბიძინა პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული (პოლიტიკურ თემებთან მე არ გავაკეთებ კომენტარს).

გიორგი ბაჩიაშვილი რადგან გახლდათ იმ კომპანიის მენეჯერი და მთავარი ფინანსისტი, რომელ კომპანიასაც დღეს მე ვხელმძღვანელობ, არ შემიძლია, დავტოვო კომენტარის გარეშე ანონსში გაჟღერებული საკითხები. პირველ რიგში, აქცენტს გავაკეთებ იმ ფაქტზე, რომ ბაჩიაშვილისთვის თუ ცნობილი იყო სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს აღნიშნულის შესახებ ახლა, ზუსტად არჩევნების წინა ღამეს, როდესაც არ რჩება დრო პასუხისათვის ბატონი ბიძინას მხრიდან? როგორ შეეძლო ბაჩიაშვილს, დაემალა ასეთი ტიპის „დანაშაული“ და მხოლოდ არჩევნების წინ გაემჟღავნებინა ის? მებადება ბევრი ეჭვი, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემების პოლიტიზება და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნები.

სწორედ ამ განცხადების საფუძველზე, მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია გიორგი ბაჩიაშვილის მენეჯერული საქმიანობის შესახებ, როდესაც ის მართავდა თანაინვესტირების ფონდს. იმ ხუთ საინვესტიციო პროექტში, სადავ თავად ბაჩიაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას პროექტის შეძენის და შემდგომი მართვის კუთხითაც – და ზუსტად ვიცი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებაში ინვესტორი არ ჩარეულა – 12 წლის წინ 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტია ინვესტირებული. საზოგადოებისთვის ადვილი გასაგები რომ იყოს, პროექტში ჩადებული ინვესტიციიდან ინვესტორი ჩადებული თანხის გაორმაგებას ელოდება 5-10 წლის განმავლობაში, გააჩნია, სახელმწიფოში როგორი ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობაა.

საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული ვადა საშუალოდ 6-8 წელიწადია. დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებიან ფინანსური წრეებში მოღვაწე ადამიანები. შესაბამისად, მარტივი გამოსათვლელია, რომ 12 წლის წინ განხორციელებული ინვესტიციების ღირებულება დღეს უნდა აღწევდეს დაახლოებით 900 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა პროექტების დღევანდელი ღირებულება ისევ 300 მილიონი აშშ დოლარია. ანუ ზუსტად იმდენი, რაც 12 წლის წინ.

აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის „მაქინაციებზე“ მიანიშნებს, უნდა ვთქვა, რომ ზემოთ აღნიშნული პროექტებიდან ერთ-ერთი „მტკვარი ჰესია“, რომელსაც თავიდან ბოლომდე ბაჩიაშვილი მართავდა და სადაც დაგეგმილ ბიუჯეტზე გადახარჯულმა თანხამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.  შევახსენებ საზოგადოებას, რომ სწორედ ამ საქმეს პროკურატურა იძიებს და გიორგი ბაჩიაშვილი დღესაც გამოძიების ქვეშაა. მე ვერაფერს ვიტყვი ბიტკოინების საქმის შესახებ, გარდა იმისა, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, როდესაც ბაჩიაშვილმა ბატონი ბიძინას კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა და საქმე სასამართლოშია. სწორედ ამ დროს, არჩევნების წინა ღამეს გამოდის ბაჩიაშვილი და აკეთებს ასეთი ცილისმწამებლურ განცხადებებს“, – ამბობს დავით გალუაშვილი, რომლის განცხადებასაც თანაინვესტირების ფონდი ავრცელებს.