თანაინვესტირების ფონდი - დღევანდელი მონაცემებით, „მტკვარი ჰესი“ 100 მილიონით გადააჭარბებს საპროექტო ღირებულებას, ამგვარმა ზრდამ, ბუნებრივია, წარმოშვა შეკითხვები, სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან
თანაინვესტირების ფონდი - დღევანდელი მონაცემებით, „მტკვარი ჰესი“ 100 მილიონით გადააჭარბებს საპროექტო ღირებულებას, ამგვარმა ზრდამ, ბუნებრივია, წარმოშვა შეკითხვები, სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან

თანაინვესტირების ფონდიდან და შპს „მტკვარი ჰესიდან“ პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები, – ამის შესახებ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტის, „მტკვარი ჰესის“ ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ, ბუნებრივია, წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო თანაინვესტირების ფონდიდან და შპს „მტკვარი ჰესიდან“ პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები. სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია, ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას“, – ნათქვამია საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ დღეს განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მოიპოვა მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციით, ასევე, შესაძლოა, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მითვისებული თანხებით.