თამუნა ლეფსვერიძე - მინდა, ეს ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, ველოდები, რომ 16 მარტის შეხვედრაზე მიღებული იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
თუ შენ ითხოვ, რომ ყველაფერი დაგიკმაყოფილონ, ეს უკვე აღარ არის შეთანხმება, ეს არის კაპიტულაცია და ხელისუფლების გადაბარება, – განაცხადა ჟურნალისტმა, თამუნა ლეფსვერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„რეალურად, ამას ეს ჰქვია. ამით ოპოზიციაც ხომ ზარალდება?! 2008 წელს ოპოზიციის პარლამენტში არშესვლამ ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიცია დააზარალა, რადგან ამ ნაბიჯმა ოპოზიციის მარგინალიზაცია მოახდინა და 2011 წელს რომ ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩენილიყო, ამ ქვეყანაში ოპოზიცია ფაქტობრივად, არ არსებობდა. ამან ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალშიც ძალიან დააზარალა“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები მისთვის წითელი ხაზია, მაგრამ არ არსებობს პასუხი კითხვაზე, უთხრა თუ არა ეს ხელისუფლებამ შეხვედრაზე შარლ მიშელს.
„ხელისუფლება ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები მისთვის წითელი ხაზია და მე მაინტერესებს, უთხრა თუ არა ეს ხელისუფლებამ იმ შეხვედრაზე შარლ მიშელს. მაინტერესებს, უთხრა, რომ ეს მისთვის წითელი ხაზია? და როგორი იყო შარლ მიშელის დამოკიდებულება ამის შემდეგ? მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შარლ მიშელის გამოსვლის შემდეგ ბატონი პრემიერი ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია და ეს საკითხი არ განიხილება. კი, ბატონო, გავიგე, მაგრამ მაინტერესებს, იქ რა გიპასუხეს ამასთან დაკავშირებით. მეორე დილით რომ ოპოზიცია პარლამენტის წინ მირბის და იძახის – მონებო, მონებოო, თუ მონები არიან, მოლაპარაკების მაგიდასთან რატომ ჯდები? არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხები გვჭირდება, რომ შემდეგ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.
მისი თქმით, ექვსპუნქტიან გეგმას ყველა ისე მიმოიხილავს, ვისაც როგორ სჭირდება.
„იქ ვადამდელ არჩევნებს ტირე აქვს ჩამოსმული და უწერია – მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ ამ დრობ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვისაც როგორ უნდა, ისე განიხილავს. თუ წითელი ხაზები არის, უნდა მითხრა, ამ შენი წითელი ხაზების პასუხად რა მიიღე ამ დონის დიპლომატისგან, რომ ამასთან დაკავშირებით მე ჩემი დამოკიდებულება და პასუხი მქონდეს“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.
ჟურნალისტმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გარკვეული სახის შეთანხმება შედგება.
„მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მინდა, ეს ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს. ამ ქვეყნის გარდა წასვლას არსად არ ვაპირებ, რადგან ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და გულწრფელად ველოდები, რომ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე, რომელიც 16 მარტს გაიმართება, მიღებული იქნება არა პოზიციისთვის და ოპოზიციისთვის, არამედ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამუნა ლეფსვერიძემ.