თამილა ბარკალაიამ უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე უზბეკეთის პრეზიდენტთან არსებული სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში არსებულ სოციალური დაცვის სისტემას, ამ სფეროში გატარებულ რეფორმებს და გამოცდილებას გაეცნო. ადგილზე მოინახულეს ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისებიც.
თამილა ბარკალაიამ შეხვედრისას ქვეყანაში სოციალური მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და მიმდინარე პროექტებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს ცალკეული თემები, მათ შორის სოციალური მუშაობა, სააგენტოში პროფესიული ზედამხედველობის სისტემა, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობა, ბავშვის მიმართ ძალადობა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის ფუნქციონირება, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისები.
გამართულ შეხვედრას უზბეკეთის ელჩი საქართველოში ბახრომ აშრაფხანოვი, საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი, უზბეკეთში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.