თამილა ბარკალაია - პირველი აგვისტოდან დღემდე შემოწმებული მაღალი რისკის 30 კომპანიიდან 80%-ში საშუალო რისკის შეფასება დადგინდა 
თამილა ბარკალაია - პირველი აგვისტოდან დღემდე შემოწმებული მაღალი რისკის 30 კომპანიიდან 80%-ში საშუალო რისკის შეფასება დადგინდა 

პირველი აგვისტოდან დღემდე შემოწმებული მაღალი რისკის შემცველი 30 კომპანიიდან 80%-ში საშუალო რისკის შეფასება დადგინდა, მათ შორის არც ერთ კომპანიაში არ ყოფილა შრომის უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა, რომელიც სასტუმრო “ბილტმორში” შრომის საერთაშორისო პროფკავშირების საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

მისი თქმით, თუ შემოწმებულმა კომპანიებმა მათთვის გაცემული რეკომენდაციები არ შეასრულეს, კანონით გათვალისწინებული სანქცირების მექანიზმები ამოქმედდება.

„პირველი აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 30 კომპანია იქნა შემოწმებული და ინსპექტირება ჩატარებული. ამ 30 კომპანიიდან დაახლოებით 80%-ში იყო საშუალო რისკის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები გაცემული. არც ერთი კომპანია არ ყოფილა, სადაც სრულად იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები. შესაბამისად, ყველა კომპანიას გაეცა რეკომენდაცია, ამ რეკომენდაციების შესასრულებლად გონივრული ვადა არის მიცემული და ამ გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩვენ უკვე ვემზადებით რემონიტორინგისთვის და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული, ამოქმედდება სანქცირების ის მექანიზმები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ბარკალაიამ.