თამილა ბარკალაია აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს დახმარების მისაღებად მხოლოდ ანგარიშის ნომრის წარმოდგენა დასჭირდებათ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია აცხადებს, რომ თვითდასაქმებულების შემთხვევაში არსებობენ ორი კატეგორიის ბენეფიციარები.
პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
„ესენი არიან ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე მეწარმეები, მიკრომეწარმეები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს სახელმწიფოს. ასეთი ადამიანების რაოდენობა ამ ეტაპზე დაახლოებით 150 000.
ამ ადამიანებს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დაეგზავნებათ ინფორმაცია, რომ ისინი არიან ამ დახმარების მიმღებლები. შესაბამისად, მათ არ მოუწევთ ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი რაიმე ცნობის მოძიება და მოტანა. მათი მხრიდან საკმარისი იქნება მხოლოდ ანგარიშის ნომრის წარდგენა“, – აღნიშნა თამილა ბარკალაიამ.
მისი თქმით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას პირველი კვარტლის განმავლობაში, თუმცა არ არიან რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში ან სხვა ნებისმიერი ფორმალური აღრიცხვა არ არსებობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ შემთვევაში მათ დასჭირდებათ დამატებითი საბუთის წარდგენა და ამ თვითდასაქმებულების მიმართ ერთჯერადი 300 ლარის გადარიცხვა მოხდება დასაქმების სააგენტოს მიერ.
„როგორც მოგახსენეთ, პირველი კატეგორიის, ანუ უკვე იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში, ძალიან მარტივი პროცედურა იქნება. 15 მაისს ჯანდაცვის ვებგვერდზე გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი. აღნიშნული ადამიანები მხოლოდ ბანკის ანგარიშს ატვირთავენ, რადგან ჩვენთვის უცნობია ამ ადამიანების ბანკის ანგარიში. ბანკის ანგარიშის ატვირთვის შემდეგ მიიღებენ 300 ლარის ოდენობის დახმარებას, ერთჯერადად.
რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები, შესაბამისად, ამ ადამიანებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ პორტალზე, რომელიც 15 მაისიდან ამოქმედდება, მოუწევთ პერსონალური ინფორმაციის განთავსება – პირადი ნომერი, საკუთარი სახელი და გვარი, ასევე რაიმე სახის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც მის ეკონომიკურ საქმიანობას ან შემოსავალს პირველი კვარტლის განმავლობაში დაადასტურებს“, – აღნიშნა თამილა ბარკალაიამ.
მისი თქმით, ამ განცხადებების განხილვა მოხდება კომისიური წესით, სადაც ჩართული იქნება, როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. განხილვის შემდეგ კი უმოკლეს ვადაში განხორციელდება დახმარებების გადარიცხვა თითოეულ მოქალაქეზე.