თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო საქონლის იმპორტი შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს
თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან იმპორტი შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქონლის ნუსხა ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება.
„2018 წლის პირველ მაისს კანონმდებლობის გამკაცრებამ თამბაქოს კვამლისგან დახურული სივრცის უპირობო გათავისუფლება გამოიწვია. ამ პროცესს თან თამბაქოზე თავის დანებების მსურველთა გააქტიურება სდევს. ვინაიდან, მას მკვეთრი ადიქციის (დამოკიდებულების) ჩამოყალიბება ახასიათებს, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი ის პროდუქცია გახდეს, რაც ამ თამბაქოზე თავის დანებების ეფექტიან საშუალებებად მიიჩნევა განვითარებულ სამყაროში“, – აღნიშნულია კანონპროექტში.