2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ უმნიშვნელოვანესი, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი მიიღო. ასე დაედო საფუძველი პროცესს, რომელმაც საქართველო თამბაქოსგან სრულიად თავისუფალი ქვეყნის სტატუსამდე უნდა მიიყვანოს, – აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონის აღსრულება 2018 წლის პირველ მაისს დაიწყო, თამბაქოს კონტროლის რეფორმების დადებით შედეგებს უკვე ვიმკით: საზოგადოების გაუმჯობესებული ჯანმრთელობით, მოზარდებში პასიური მწეველობის უმძიმესი ზეგავლენის მაქსიმალურად შემცირებით, მოწევაზე თავის დამნებებელთა და დანებების მსურველთა სიმრავლით და სხვა.
რეფორმის ყველაზე მასშტაბური შედეგია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, დახურული სივრცის თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლება. ე.წ. სამასპინძლო დაწესებულებებში თამბაქოს კვამლის გაქრობის პირდაპირპროპორციულად იმატა სტუმრებმა და არ გამართლდა თამბაქოს ინდუსტრიის მომხრე ექსპერტების „შიში“, თითქოს დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა ბიზნესს დააქცევდა. არც თამბაქოს ნაწარმის გარერეკლამის აკრძალვამ დაასამარა სარეკლამო ბიზნესი, ბილბორდები სხვა ბიზნესის რეკლამამ ჩაანაცვლა.
რამდენადაც თამბაქოს კონტროლის რეფორმები შედეგიანია, იმდენად აქტიურობს თამბაქოს ინდუსტრია პოზიციების აღდგენის, შენარჩუნების, ბაზარზე ახალი სეგმენტის შექმნის და გამრავლების მიზნით. თამბაქოს მწარმოებლები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აცხადებენ, რომ სიგარეტი მართლაც კლავს და თუ მოწევა გსურთ, ელექტრონულ და გასახურებელ სიგარეტს მიეძალეთო, რომელიც მათი თქმით, მოწევის ჯანსაღი ალტერნატივაა. მოწევის ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივა კი, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარებაზე სრულად უარის თქმაა, რისთვისაც სახელმწიფო სხვადასხვა სერვისებსა და პროგრამებს სთავაზობს მოწევაზე თავის დანებების მსურველთ“, – აცხადებენ ალიანსში.
მათივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება მწეველობის, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მიმართ.
„მწეველებიც კმაყოფილი აღნიშნავენ, რომ დახურულ სივრცეში თამბაქოს ბუღი აღარ აწუხებთ. დასანანია, რომ ხშირ შემთხვევაში მოწევის წესის დამრღვევები არა რიგითი მოქალაქეები, არამედ, ე.წ. ცნობადი სახეები არიან“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ალიანში აღნიშნავენ, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირებას ახდენს საპატრულო პოლიცია.
„მოწევის წესის დარღვევები ყოველთვიურად მცირდება და ვიმედოვნებთ, ჯიუტი დამრღვევები მიხვდებიან, რომ თამბაქოს კონტროლის კანონი დახურულ სივრცეში ერთნაირად კრძალავს მოწევას, საქართველოში, ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში, სადაც კანონის დარღვევისთვის ბევრად უფრო მაღალი ჯარიმებია გადასახდელი და საერთოდაც მოწევა კარგ ტონად არ ითვლება“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.