თამბაქოს კონტროლის ალიანსი - თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედების ვადების გადახედვა დაუშვებელია
თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაუშვებელია, გადაიხედოს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედების ვადები.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ძალაში უნდა დარჩეს.
„ახლახან პარლამენტში დაარეგისტრირეს თამბაქოს ინდუსტრიის წინადადება, რომლის თანახმად, „ფილიპ მორისის“ წარმოებულ გასახურებელ თამბაქოზე (ე.წ. აიქოსი) სადა (სტანდარტიზებული) შეფუთვის ნორმა საერთოდ არ უნდა გავრცელდეს. ამასთან, თამბაქოს მწარმოებლები მოითხოვენ, სადა შეფუთვის ძალაში შესვლიდან თამბაქოს ნაწარმის ძველი მარაგების ამოსაყიდად რვა თვე მიეცეთ, რაც აბსოლუტურად არაგონივრულია, საერთაშორისო პრაქტიკით 1-3 თვეც კმარა. მეტიც, ანალოგიური რეგულაციის ამოქმედებისას საქართველოს სიდიდის ქვეყნებში არანაირი ვადები არ გაითვალისწინეს.
თამბაქოს ინდუსტრია ასევე მოითხოვს თამბაქოს კოლოფებზე ბრენდების სახელწოდებების ინგლისურ ენაზე დატანასაც, რაც კომპანიებს ბრენდების პოპულარიზაციის შესაძლებლობას მისცემს და, ფაქტობრივად, სადა შეფუთვაც აღარ გამოვა. ამასთან, არასახელმწიფო ენაზე ბრენდის სახელწოდების კოლოფზე დატანა მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც სახელმწიფოებრივი ინტერესები, სახელმწიფო ენა პრიორიტეტულია.
სამწუხაროა, რომ აღნიშნული წინადადების პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ ეჭვქვეშ დადგა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მიმდინარე წლის 31 მაისს პარლამენტში, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ სადა შეფუთვის არც ნორმა და არც მისი ამოქმედების ვადები აღარ გადაიხედებოდა და 2024 წლის 31 ივლისიდან ახალი რეგულაციის ძალაში შესვლას ხელს ვერაფერი შეუშლიდა.
ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში წარმდგენთა უკვე ცნობილ, თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების გამტარებელ სონღულაშვილი-დასენის ჯგუფს დაემატნენ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები – ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე და ანტონ ობოლაშვილი. იმ კომიტეტის წევრები, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვა უნდა იყოს და არა – ბიზნესის, რომლის მიერ წარმოებული პროდუქცია კლავს.
მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შეაჩერონ საქართველოს პარლამენტში თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების გატარების მცდელობა. იმ ინდუსტრიის, რომლის მიერ წარმოებული ლეტალური პროდუქტების მოხმარება მშვიდობიან პერიოდში ყოველწლიურად გვიკლავს იმდენ ადამიანს, რამდენიც ბორჯომის ამჟამინდელი მოსახლეობაა.
თამბაქოს კონტროლის რეფორმების ეფექტურმა ღონისძიებებმა გამოიწვია რესპირაციული და გულსისხლძარღვთა დაავადებების გავრცელების კლების ტენდენცია, 90%-ით გაუმჯობესდა კარშიდა ჰაერის ხარისხი დახურულ საჯარო სივრცეებში, 4%-ით შემცირდა თამბაქოს მოხმარება საზოგადოებაში და თავად მწეველებს შორის – 10%-ით. ასევე, 15%-ით შემცირდა თამბაქოს ბაზარი, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშო მაჩვენებელი იყო თამბაქოს ინდუსტრიისათვის, რის გამოც ერთ-ერთმა მსხვილმა წარმომადგენელმა, ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს კომპანიამ ორი წლის წინ მარკეტინგული ოფისი დახურა საქართველოში. შესაბამისად, სხვა მსხვილმა მოთამაშეებმა გაააქტიურეს რესურსების ის ნაწილი, რომელიც სპეციალურად აქვთ გამოყოფილი პოლიტიკოსების მოსასყიდად და თამბაქოს პროდუქტების უკანონო რეკლამა-პოპულარიზაციის ღონისძიებებისთვის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში“, – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.