თამბაქოს მოწევაზე გამონაკლისის დაშვება სახიფათოა არამხოლოდ იმიტომ, რომ უშუალოდ ამ ადგილებში დასაქმებულები და სტუმრები ზიანდებიან, არამედ იმიტომაც, რომ პრეცედენტი გარდაუვალს გახდის გამონაკლისის წრის უსასრულოდ ზრდას და კანონის საბოლოოდ დასამარებას, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ აცხადებს, რომ პარლამენტში კენჭისყრაზე გადის თამბაქოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის ნაწილი არამხოლოდ მიუღებელია, კორუფციის ეჭვს იწვევს.
„2017 წელს, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თამბაქოს კონტროლის კანონი დაამტკიცა. ეს კანონი მიმართულია ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით 11 000 ადამიანის ნაადრევი გარდაცვალების და 824 მილიონი ლარის ზარალის შესამცირებლად.
მიმდინარე წლის ივნისში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 85% ეთანხმება და მხარს უჭერს თამბაქოს კონტროლის კანონს. 2016 წელს ანუ კანონის მიღებამდე, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მონაცემებით, თანხმობა 79% იყო. ახალი რეგულაციებისადმი მხარდაჭერა ექვსი პროცენტით ძირითადად მწეველების ხარჯზე გაიზარდა. არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოებული, მიუკერძოებელი მონიტორინგის მონაცემებით, კანონის დაცვის მაჩვენებელი, 2018 წლის სექტემბრისთვის, ანუ ამოქმედებიდან ოთხ თვეში, უკვე 96 პროცენტია. ასეთი მაჩვენებლები შესაშურია ნებისმიერი კანონისა და ქვეყნისთვის“, – აღნიშნავენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.
მათივე თქმით, 2017 წელს ამ გამონაკლისის დაშვება სისუსტე იყო და დღევანდელი რეალობაც ამას ადასტურებს.
„სადაც გამონაკლისი არ დაიშვა, არ გვაქვს არსებითი პრობლემები. ხოლო იქ, სადაც გამონაკლისი დაიშვა, რიგმა მავნე ინდუსტრიებმა მისი საბაბად გამოყენება განიზრახეს, რათა გააფართოონ სივრცე, სადაც მოწევა დაიშვება. ეს სახიფათოა არამხოლოდ იმიტომ, რომ უშუალოდ ამ ადგილებში დასაქმებულები და სტუმრები ზიანდებიან, არამედ იმიტომაც, რომ პრეცედენტი გარდაუვალს გახდის გამონაკლისის წრის უსასრულოდ ზრდას და კანონის საბოლოოდ დასამარებას. შემაშფოთებელია, იმის ნაცვლად, რომ კანონმდებელმა იფიქროს, როგორ აკრძალოს მოწევა კაზინოში და ამით სრულყოს წარმატებული კანონი, ვხედავთ სრულიად საპირისპირო და საეჭვო მცდელობას. ამასთან, საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფი ლობისტებისგან გათამამებული სათამაშო ბიზნესის ასოციაცია შეურაცხმყოფელად მიიჩნევს მათთვის კრიმინალური ბიზნესის წოდებას და თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელებს სასამართლოში უჩივის, სადაც სავარაუდოდ არ ელის, რომ სათამაშო ბიზნესის გამო თვითმკვლელობამდე მისული და გაძარცული ოჯახების წარმომადგენლებთან პასუხის გაცემა თავადვე მოუწევს“, – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.
მათივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილების პროექტის იმ მუხლს, სადაც ლაპარაკია სათამაშო ბიზნესის შენობებში და თეატრებში სპექტაკლების დროს, სცენაზე მოწევის დაშვებაზე, ეწინააღმდეგება ყველა, ვისაც კი საქართველოში ან უცხოეთში თამბაქოს კონტროლის სფეროში რაიმე ექსპერტიზა უწარმოებია.
„წინააღმდეგია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი და სამედიცინო ასოციაციები. რაც ყველაზე მთავარია, მას ეწინააღმდეგება მოსახლეობა“, – აღნიშნავენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.
ალიანსი დეპუტატებს მიმართავს და აცხადებს, რომ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილით, სადაც სათამაშო ბიზნესის კუთვნილ შენობებში მოწევა უნდა დაიშვას, ისინი არ ასრულებენ საზოგადოების დაკვეთას.
„საზოგადოების დაკვეთაა თამბაქოს ბოლისგან აბსოლუტურად სუფთა დახურული სივრცე. უბრალოდ, შეგიძლიათ, არ განიხილოთ ეს საკითხი და პირდაპირ ის მუხლი აამუშავოთ, რომელიც ყველა დახურულ სივრცეს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. აკრძალეთ მოწევა კაზინოშიც. თეატრში, იქ, სადაც ხელოვნებისთვის, ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად მივდივართ, არ შეიძლება თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესი წინა პლანზე იდგეს და სპექტაკლის მიმდინარეობის დროს მოწევა დაიშვას.
მოგიწოდებთ, წყალში ნუ ჩაყრით იმ დიდ წარმატებას, რომელსაც 2017 წლის მაისში მთელმა საზოგადოებამ, თქვენთან ერთად, მრავალწლიანი, დემოკრატიული, გამჭვირვალე პროცესით მიაღწია. ნუ შელახავთ იმ, უკვე დამკვიდრებულ საზოგადოებრივ ნორმებს, რომელიც ახლანდელ და მომავალ თაობებს ათასობით სიცოცხლეს გადაურჩენს და წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში, ნუ დაასამარებთ მოვლენას, რომელიც სამაგალითო გახდა ჩვენს რეგიონში და მსოფლიოს უამრავი ქვეყნისთვის.
პარლამენტს ჯერ კიდევ აქვს შანსი მოემსახუროს ქვეყნის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს და პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენის დროს არ დაუჭიროს მხარი სლოტკლუბებში და თეატრების სცენაზე მოწევის დაშვებას. სესიაზე გამართული დებატები და კენჭისყრა კიდევ ერთხელ დაანახებს საზოგადოებას, რა უფრო მნიშვნელოვანია ხალხის მიერ არჩეული დეპუტატებისათვის“, – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.