თამბაქოს კონტროლის ალიანსი - დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა აკრძალულია, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის
თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა აკრძალულია, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის.
„სოციალურ ქსელში ბოლო დროს ქსელის მომხმარებლებისგან საზოგადოებისადმი მსგავსი ტიპის მიმართვები მოხშირდა: „გთხოვთ, გასახურებელ თამბაქოს დახურულ სივრცეში ნუ ეწევით, საშინელი სუნი აქვს და არამწეველებს სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის“, „გასახურებელი თამბაქოს მოწევა არ იკრძალება? რესტორნებში რატომ ეწევიან?“, „ვინმეს გასახურებელი თამბაქო უვნებელი ჰგონია? საზიზღარი სუნი აქვს, ნუ გვაბოლებთ“…
თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება, სამწუხაროდ, ასევე აფიქსირებს მოწევის რეგულაციების დარღვევის შედეგებს, თუმცა შემთხვევების 99% ჩილიმზე მოდის. ისევე როგორც თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის, ჩილიმის დახურულ სივრცეში მოწევაც დაუშვებელია. რაღა თქმა უნდა, მონიტორები კანონის ფარგლებში მოქმედებენ, ინფორმაცია გადაეცემა სამართალდამცველებს, რომლებიც აჯარიმებენ როგორც მოწევის რეგულაციის დამრღვევ ფიზიკურ პირს, ასევე დაწესებულებას, სადაც პირი ეწეოდა, მაგრამ მეპატრონემ ან (გაქირავებული) ფართის მმართველმა არ მოუწოდა მოწევის რეგულაციის დაცვისა და მოწევის შეწყვეტის შესახებ, ასევე ამის შესახებ არ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას.
სამწუხაროდ, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში ვერ მოიცავენ ყველა სამასპინძლო დაწესებულებას და ვერ უზრუნველყოფენ მუდმივ კონტროლს. ამიტომაც კანონის აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გაათვითცნობიეროს, რომ პირადად არის მონიტორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი და საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კანონის დაცვა.
ხედავთ, რომ მოწევის რეგულაცია ირღვევა? ფიქრობთ, თუ მწეველს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებთ, შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას? გადაუღეთ ისე, რომ დამრღვევი პირის და დაწესებულების იდენტიფიკაცია შესაძლებელი იყოს, დარეკეთ 112-ზე, აცნობეთ ფაქტის შესახებ და მოითხოვეთ კანონის აღსრულება. თქვენი სურვილის შემთხვევაში ვინაობა კონფიდენციალური იქნება.
მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება კანონის უმაღლესი ნიშნულით აღსრულება. ამასთან, აუცილებელია, მუდმივად მოქმედებდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტები, საკომუნიკაციო პროგრამები, რითიც მოსახლეობა განუწყვეტლივ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევის შესახებ და ეცოდინება, რომ რეგულაციის დარღვევის გამო ჯარიმდება, როგორც დამრღვევი ფიზიკური პირი. კერძოდ, პირველ ჯერზე – 50, შემდეგ – 100, ამის შემდეგ კი ყოველ ჯერზე 200-200 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში. ასევე, დაწესებულება, რომელმაც არ მოითხოვა მოწევის შეწყვეტა, დაჯარიმდება პირველ ჯერზე – 500, შემდეგ – 1 000 და შემდეგ ყოველ ჯერზე 2 000-2 000 ლარით ერთი წლის განმავლობაში.
მივმართავთ საზოგადოებას, გაითავისეთ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება, განსაკუთრებით კი იმ რეგულაციების დაცვა, რომლებიც დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს, მომავალი თაობისთვის ჯანსაღი სასიცოცხლო გარემოს შექმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. ევროპის ქვეყნებში, სადაც საბავშვო ბაღის ასაკიდან ასწავლიან სამოქალაქო აზროვნებას, ნებისმიერი რეგულაციის დაცვა 99%-ით მოსახლეობაზე მოდის. სამწუხაროდ, ჩვენთან თუნდაც თამბაქოს მოხმარების რეგულაციების დარღვევაზე მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი რეაგირებს და რეგულაციების დარღვევის მხილების მეტი წილი მონიტორინგის სამსახურზეა.
ასევე, მნიშვნელოვანია მონიტორინგის სამსახურის გაძლიერება, მონიტორების რაოდენობის გაზრდა და მათი შესაბამისი ტექნიკურ-მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა, რაზეც სახელმწიფომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იზრუნოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.