თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს
თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს.
როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსში აცხადებენ, თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის აკრძალვა აუცილებელია, რათა პროდუქციის დიზაინმა და შეფუთვამ გავლენა არ მოახდინოს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე.
„ააიპ „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე, ლუკა ჭელიძე მთავრობისადმი მიმართვაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების გახანგრძლივებას და პროდუქციის შიდა ხილვადობის 2021 წლის პირველი იანვრიდან აკრძალვის ნაცვლად, 2024 წლის პირველი იანვრამდე გადაწევას ითხოვს. თამბაქოს კონტროლის ალიანსისთვის ამ ინიციატივის, როგორც საკანონმდებლო წინადადების სახით განხილვაც კი, მიუღებელია:
ამ ფორმით თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის აკრძალვა აუცილებელია, რათა პროდუქციის დიზაინმა და შეფუთვამ გავლენა არ მოახდინოს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე. მით უფრო მაშინ, როდესაც თამბაქო უმეტესად ბავშვთა კვების პროდუქტებთან ერთად განლაგებულია და ცრუ წარმოდგენას ქმნის, თითქოს ჩვეულებრივი ჯანსაღი პროდუქტია.
ჩამოყალიბებულმა მწეველმა კარგად იცის რასაც ეწევა და მაღაზიაში თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება არ სჭირდება.
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს თამბაქოს პოპულარიზაციის ყველა ფორმა ჯერ კიდევ 2011 წლის 15 მაისამდეუნდა აეკრძალა.მოგვიანებით, 2017 წლის 17 მაისს, ხალხის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული თამბაქოს კონტროლის კანონის მიღებიდან გადაწყდა, რომ თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა 2021 წლის პირველი იანვრიდან ანუ კანონის მიღებიდან 2,5 წლის შემდეგ აიკრძალებოდა. საკმარისი დროა საიმისოდ, რომ აღნიშნულ აკრძალვას ბიზნესი მომზადებული შეხვდეს;
აბსურდულია მტკიცება, თითქოს თამბაქოს დახლები, სტენდები, ან ყუთები აღარ იარსებებს და მაღაზიები დაზარალდება. თამბაქოს კომპანიები ამა თუ იმ მაღაზიაში მათი ნაწარმის რეალიზაციის შესაძლებლობისთვის იხდიან თანხას და შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციო სტენდებსაც არავინ მოშლის. შესაბამისად, 2021 წლის პირველი იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმი ჟალუზებით ან ფარდით დაფარულ სივრცეში განლაგდება და ჩვეულებრივად გაიყიდება“, – აცხადებენ ალიანსში.
ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათთან გაწევრებულია 800-მდე მაღაზია. რაც ქვეყანაში არსებული მაღაზიების მხოლოდ 10 %-ია. გამოდის, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მქონე ორგანიზაცია მხოლოდ 10 % -ის ინტერესს ახმოვანებს. ამასთან, უცნაურია, რომ ეს ინტერესი ეწინააღმდეგება „ქართული მაღაზიის“ ინტერესს, გაყიდოს მხოლოდ ჯანსაღი და ქართული პროდუქცია. ასოციაციას შევახსენებთ, რომ სავაჭრო სივრცეში თამბაქოს პროდუქციის სარეალილზაციო სტენდებს და შესაბამის ყუთებს მხოლოდ იმპორტიორი კომპანიები ამონტაჟებენ.
„ასოციაციის დონორთა შორის არის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოც (USAID), რომლის დაფინანსებითაც ქართული ჯანსაღი პროდუქციის პოპულარიზაციას აპირებენ. რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის მიზნით განზრახული საკანონდებლო ინიციატივა. ამასთან, USAID – ის და ყველა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის რეგულაცია კრძალავს გრანტის მიმღები ორგანიზაციების თამბაქოს ინდუსტრიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირს, ან მათი ნაწარმის პოპულარიზაციას. ამას კრძალავს ქვეყნის კანონმდებლობაც და შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია მიმართავს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, გამოიკვლიონ ამ ასოციაციის თამბაქოს ინდუსტრიასთან უკანონო კავშირები.
ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ასოციაცია ხელს უწყობს იმ პროდუქტის პოპულარიზაციას, რომელიც განსაკუთრებით ამძიმებს კორონავირუსით დაავადებულთა მდგომარეობას და 2,5-ჯერ ზრდის სიკვდილობას მწეველებში, ვიდრე არამწეველებში.
მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას არ მისცეს არანაირი მსვლელობა ასოციაციის წინადადებას, რომელიც არ ეყრდნობა არანაირ მტკიცებულებას და საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
მივმართავთ USAID-ს და ასოციაციის სხვა დონორ ორგანიზაციებს, შეუჩერონ საგრანტო პროგრამები ასოციაციას, იმ დრომდე, ვიდრე ისინი ოფიციალურად არ განაცხადებენ, რომ თამბაქოს ნაწარმის ან კომპანიების პოპულარიზაციას არ მიმართავენ“, – აცხადებენ ალიანსში.