თამაზ ნავერიანი - მოვუწოდებ ყველას, დარჩით სახლში, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ გვერდით
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, ხელისუფლების მოწოდება გაითვალისწინონ და სახლში დარჩნენ.
„საქართველოს ხელისუფლება იბრძვის მსოფლიოს ამ უდიდესი გამოწვევის წინააღმდეგ ჩვენს ექიმებთან ერთად. მე ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, გაითვალისწინონ ის მოწოდებები, მოთხოვნები, რომლებიც ჩვენს, ყველას წინაშე არის მოცემული და დარჩნენ სახლში. მოცემულ სიტუაციაში ეს აუცილებლად შესასრულებელია. მე მოვუწოდებ ყველას – დარჩით სახლში, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ გვერდით“, – განაცხადა თამაზ ნავერიანმა.
რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მონაცემებს, მან საზოგადოებას განუმარტა, რომ დღეს მარნეულის მკვიდრ ერთ ქალს დაუდასტურდა ვირუსი, 18 შემთხვევაში კი მიღებულია უარყოფითი პასუხი.
„გრძელდება თერმოსკრინინგი სოფლად და ქალაქად და ის დასრულდება დაახლოებით 2-3 დღეში. ჩვენ ვაგრძელებთ იმ შეჭირვებული ადამიანების დახმარებას, რომლებიც დღეს გვყავს მარნეულში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ძნელ სიტუაციაში ერთად დავდგეთ. გავითვალისწინოთ ამავე დროს ის მოწოდება და ის ნორმები, რომლებიც დღეს აუცილებლად შესასრულებელია“ , – აღნიშნა თამაზ ნავერიანმა.
საქართველოში ამ დროისთვის სულ კორონავირუსის 110 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 21 გამოჯანმრთელებულია.