თამაზ ნავერიანი - მარნეულში ამ ეტაპისთვის 3 481 ოჯახმა, ჯამში კი, 15 415 მოქალაქემ გაიარა სკრინინგი
თამაზ ნავერიანი - მარნეულში ამ ეტაპისთვის 3 481 ოჯახმა, ჯამში კი, 15 415 მოქალაქემ გაიარა სკრინინგი

მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასშტაბური სამედიცინო შემოწმება. მოცემული ეტაპისთვის 3 481 ოჯახმა, ჯამში კი, 15 415 მოქალაქემ გაიარა სკრინინგი, – ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები აწარმოებდნენ სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქ მარნეულის ქუჩებსა და ახლომდებარე სოფლებში. აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც გაგრძელდება“, – აცხადებს ნავერიანი.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

„დროებით გამშვებ პუნქტთან გამართულ თათბირზე გაიწერა გეგმა, მომდევნო დღეებში, მუნიციპალიტეტებში საკვები პროდუქტის შემოტანის შესახებ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანგებო რეჟიმის პირობებში, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს მყისიერი რეაგირებით და ეფექტური ნაბიჯებით ვპასუხობთ, რათა დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება“, – აღნიშნა თამაზ ნავერიანმა.