თამაზ გაიაშვილი - პრეზიდენტმა 26 მაისს საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისეთი განცხადებები გააკეთა, მეშინია, მარტო კომპანიაში კი არა, პერსონა ნონ გრატად ქვეყანაშიც არ გამოაცხადონ
პრეზიდენტმა 26 მაისს საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისეთი განცხადებები გააკეთა, მეშინია, მარტო კომპანიიდან კი არა, პერსონა ნონ გრატად ქვეყანაშიც არ გამოაცხადონ, – ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გულნატკენია, როდესაც პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიაზე ასეთი განცხადება გააკეთა.
„საერთოდ, ქალბატონ სალომეზე ადრე უფრო დადებითად ვფიქრობდი და მისი არჩევნების დროსაც ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ არჩეულიყო პრეზიდენტად. მეგონა, ქალბატონია და მშვიდობის ერთ-ერთი სიმბოლოა, თავის თეთრ მანდილს გამოიყენებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მითითება უფრო ომის რიტორიკაზე მიდის. ამავე დროს, მე მეგონა, რომ მეზობელ ქვეყნებში მოლაპარაკების გზით დაამყარებდა კარგ ურთიერთობებს, მაგრამ არ გამიგია, მას რომელიმე მეზობელ ქვეყანასთან დაემყარებინა კარგი ურთიერთობა და საქართველოს რომ წაადგება, ისეთი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენ სომხეთთან, აზერბაჯანთან ან რუსეთთან. მას არსად არაფერი გაუკეთებია, რათა საქართველოს მიხმარებოდა თავისი ქმედებებით“, – აღნიშნა გაიაშვილმა.
ჟურნალისტებმა თამაზ გაიაშვილს ჰკითხეს მისავე განცხადებაზე, კერძოდ, რჩება თუ არა კვლავ იმ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, „ავიაკომპანია პრეზიდენტს პერსონა ნონ გრატად აცხადებს და პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინაშე ვიდრე ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე არ დაუშვებენ“.
„პრეზიდენტმა გუშინდელი გამოსვლით, 26 მაისს საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ მარტო კომპანიიდან კი არა, ქვეყანაშიც პერსონა ნონ გრატად არ გამოაცხადონ, მაგის მეშინია“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.