თამაზ ბათირაშვილის ოჯახი სირიაში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობას არ იზიარებს
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სადაც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ოჯახი ცხოვრობს, თამაზ ბათირაშვილის სირიაში დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ცნობას არ იზიარებს.
ბათირაშვილების ოჯახში, სადაც მამა თემურ ბათირაშ ილი ცხოვრობს, ქისტური ტრადიციისამებრ სამძიმრის მისაღებად ჭიშკარი არ გახსნილა.
პირველ არხს სოფელ ბირკიანში მერის წარმომადგენელმა ოთარ მუთოშვილმა განუცხადა, რომ ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მედიიდან ფლობს.
„გავიგე, რომ გარდაიცვალა, მაგრამ სახლთან გავიარე და ოჯახს სამძიმრის მისაღებად ეზოს კარი არ გაუღია. ასეთ დროს უხერხულია, ხომ არ მივალ და ვკითხავ, მართალია თუ ტყუილი. იქნებ ჯერ არაა დარწმუნებული და სიმართლის დადგენამდე თავს იკავებს“, – აცხადებს მუთოშვილი.
36 წლის თამაზ ბათირაშვილი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამურ სახელმწიფოში“ თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმა თამაზ ბათირაშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლებოდა. ის დაზვერვასა და კონტრდაზვერვაზე, ასევე იმ ციხეებზე იყო პასუხისმგებელი, რომლებიც ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს. მას დიდი საბრძოლო გამოცდილება ჩეჩნეთის ომში ჰქონდა მიღებული.
თამაზ ბათირაშვილი 25-ე პანკისელი ახალგაზრდაა, რომლის გარდაცვალების შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი ერაყში 2016 წელს მოკლეს.