თამაზ ახობაძე - ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, დანაშაულის პრევენციის ცენტრი ტოლფას თანამდებობაზე აღმადგენს
მოთხოვნა, რომელსაც ვაყენებდი, ამ ეტაპზე დაკმაყოფილებულია. სამწუხაროა, რომ სასამართლოს განჩინების აღსრულებას ამდენი დრო დასჭირდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა, თამაზ ახობაძემ განუცხადა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სამსახურში აღადგენს.
ახობაძე, როგორც მან განაცხადა, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ შიმშილობდა, მან დღეს იუსტიციის სამინისტროსთან კარავი გაშალა და უწყებისგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვდა.
„რამდენიმე წუთის წინ იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დაკმაყოფილებას აპირებს და ტოლფას თანამდებობაზე აღმადგენს, ასევე მომცემს აღდგენამდე პერიოდის განაცდურს. მოთხოვნა, რომელსაც ვაყენებდი, ამ ეტაპზე დაკმაყოფილებულია. სამწუხაროა, რომ სასამართლოს განჩინების აღსრულებას დასჭირდა ამდენი დრო, ღამის თენება და შიმშილი, თუმცა შედეგი მიღწეულია. ვნახოთ, ეს ხვალ ოფიციალური ბრძანებით, როგორ დადასტურდება პრევენციის ცენტრის მიერ. ამის შემდეგ მეცოდინება, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განუცხადა ახობაძემ ჟურნალისტებს, რომელმაც კარავი აიღო და შიმშილობა შეწყვიტა.
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დღეს ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახობაძეს სამინისტრო სამსახურში აღადგენს. განცხადების თანახმად, თამაზ ახობაძემ განრიდება-მედიაციის მენეჯერად დანიშვნა მოითხოვა, თუმცა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გამოსცემს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ახობაძე ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერის თანამდებობას დაიკავებს.ასევე დანაშაულის პრევენციის ცენტრი იმედოვნებს, რომ „სამსახურში გამოცხადების შემთხვევაში, თამაზ ახობაძე გამოიჩენს კოლეგიალობასა და პატივისცემას თითოეული თანამშრომლისადმი, არ იქნება მოწოდებული პროვოკაციებისა და დაპირისპირებებისთვის, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა წარსულში“.