კვიპროსის ჩემპიონატში მე-11 ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ. თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ გათამაშების ლიდერს, ლიმასოლის „აპოლონს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.
„ანორთოსისში“ ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ლორიამ ითამაშა, ნიკა კაჭარავა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, ნიკა ნინუა კი განაცხადში არ ყოფილა. „აპოლონის“ განაცხადშიც იყვნენ ქართველები, მაგრამ არც გიორგი პაპუნაშვილს და არც რეზი ინჯგიას არ უთამაშით. ანგარიში მე-9 წუთზე „აპოლონის“ თავდამსხმელმა, ბაგალი დაბომ გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე „ანორთოსისის“ ეგვიპტელმა ნახევარმცველმა, ამრა ვარდამ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ქართული სამეულის (თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი, გიორგი ქვილითაია) „აპოელის“ და „ომონიას“ შეხვედრა კი ვერ დაასრულეს. პირველ ტაიმში 17 წუთი ჩატარდა, მაგრამ ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო მატჩი ჯერ შეჩერდა, ხოლო შემდეგ აღარ გაგრძელდება.
ჩემპიონატის დებულების მიხედვით, მატჩი მომავალ ოთხშაბათს (პირველ დეკემბერს) უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტისა და GSP-ს სტადიონზე დაგეგმილი ლოცვის გამო, ამ მატჩის გამართვა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ, მატჩის გაგრძელების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
11 ტურის შემდეგ 25 ქულით „აპოლონი“ გათამაშების ლიდერია, „აპოელი“ (14 ქულა) მე-6 ადგილზეა, „ანორთოსისი“ (13) კი მე-7 პოზიციაზეა, რაც ფინალურ ექვსეულში მოხვედრის და ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას არ მისცემს, თუ რეგულარული სეზონის ბოლოს არ დაწინაურდება.