თამარაშვილის გამზირისა და ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა
მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული კვანძის მოწყობის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი.
„რამდენიმე დღის წინ გავხსენით სამანქანო ხიდი, რომელიც ერთმანეთს ბაგების დასახლებასა და უნივერსიტეტის ქუჩას აკავშირებს. მიხარია, რომ დედაქალაქში ასეთი მასშტაბის პროექტები ხორციელდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმისთვის, რომ გადაადგილება კიდევ უფრო გამარტივდეს. ამ მიზნით ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს. კერძოდ, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კვანძი კერძო ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა, მისი მოწყობის სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება.
„პროექტის ფარგლებში, აშენდება საყრდენი კედლები, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, მოეწყობა ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ახალი სატრანსპორტო კვანძი დარეგულირდება შუქნიშნებით, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.