თამარ სართანია - „ქართულ ოცნებას“ მარტივად შეეძლო, ჩამოეტვირთა 1 000 ოქმი, დაეთვალა და ხარვეზთან დაკავშირებით მისულიყო იმ დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდა, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება
თამარ სართანია - „ქართულ ოცნებას“ მარტივად შეეძლო, ჩამოეტვირთა 1 000 ოქმი, დაეთვალა და ხარვეზთან დაკავშირებით მისულიყო იმ დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდა, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება

„სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარეს, თამარ სართანიას დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიმართეს კითხვით, საიდან შეიძლებოდა, ცოდნოდა „ქართულ ოცნებას“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილების შესახებ.

როგორც თამარ სართანიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მარტივად შეეძლო, ჩამოეტვირთა 1000 ოქმი, დაეთვალა და ხარვეზთან დაკავშირებით მისულიყო იმ დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდა.

„საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“, ეს არ ვიცით, ამაზე არის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიდანაც ყველას აქვს არსებობის უფლება. „ისფედს“ დამკვირვებლები ყავდა 1000 უბანზე. „ქართულ ოცნებას“ დამკვირვებლები ყავდა ყველა უბანზე, ანუ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მარტივად იცოდა, რომელ 1000 უბანზე ყავდა „სამართლიან არჩევნებს“ დამკვირვებლები, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ არ არის ცნობილი, ამ 1000- დან რომელი 850 მოხვდა პარალელური დათვლის ე.წ. სამბლში. შესაბამისად, ისეთი რესურსების მქონე პარტიას, როგორიც „ქართული ოცნებაა“, ძალიან მარტივად შეეძლო, ჩამოეტვირთა ის 1000 ოქმი, დაეთვალა ხელახლა და მისულიყო იმ დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდა. ეს არის ვერსია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება. ასევე, არსებობის უფლება აქვს იმ ვერსიას, რომ იყო ფარული მიყურადება, თუმცა ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ამის საფუძველი არ მიჭირავს ხელში. ამ ქვეყანაში ვიცით, რომ ფარული მოსმენები არსებობს, ეს აზრი მუსირებს, ამ ვერსიებს ბორდი ვერ უარყოფს, ვერ დაადასტურებს. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, თუმცა აქვე ვამბობ, რომ „ქართული ოცნების“ რესურსების პარტიას არ გაუჭირდებოდა 1000 უბნის ოქმის ჩამოხსნა და დათვლა“, – განაცხადა სართანიამ.

მისივე თქმით, ნამდვილად ადამიანური შეცდომა იყო ფორმულაში და ამაზე პასუხისმგებლობა თანაბრად აქვთ, როგორც „ისფედს“, რომელიც იყო დამკვეთი, ასევე „ენდიაის“ ექსპერტებს, რომლებმაც არ გადაამოწმეს ფორმულის ვალიდურობა „ისფედთან“.

„ასევე, დაისვა კითხვები, ხომ არ იყო „ისფედზე“ ზეწოლა, შანტაჟი, დაშინების მცდელობა. ამას კომისია კატეგორიულად უარყოფს. არავითარ დაშინებას, მოსყიდვას, მუქარას „ისფედის“ დირექტორის მიმართ ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა სართანიამ.