თამარ ტყეშელაშვილი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესრულება არ წარმოშობს არავითარ საფრთხეს ორგანიზაციებისთვის
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესრულება არ წარმოშობს არავითარ საფრთხეს ორგანიზაციებისთვის, ისინიც ამ წუთებში მოგვმართავენ ჩვენთან სარეგისტრაციოდ, ამიტომ დასაწყისშივე იმის თქმა, კანონს თუ შევასრულებ, ამის გამო მომადგება ზიანი და შეაჩერე კანონი, აცდენილია ყოველგვარ სამართლებრივ სიბრტყეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა.
ამასთან, თამარ ტყეშელაშვილმა ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მინისტრის ბრძანების შეცვლას სამართლებრივი საფუძვლები სჭირდება. ნაცვლიშვილის კითხვა მინისტრის მხრიდან ბრძანების ერთპიროვნულად შეცვლის შესაძლებლობას შეეხებოდა.
„გნებავთ, პოლიტიკურ განცხადებაში ჩამითვალეთ, მაგრამ ბელადომანია ჩვენი ხელწერა არ არის. მინისტრი გადის კონსულტაციას, მათ შორის, იმპლემენტაციის თვალსაზრისითაც. მინისტრის ბრძანება რომ შეიცვალოს, მას სჭირდება სამართლებრივი საფუძვლები. ძალიან უხერხულია, რომ ამ დარბაზში ამდენი საუბარი გვიწევს ამაზე“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო განხილვაზე.