თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია დასრულდა. პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგა.
რეაბილიტირებული პანდუსი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც განსაკუთრებით აქტიურდება საავტომობილო მოძრაობა, გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
პანდუსის რეაბილიტაცია ითვალისწინებდა კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელისა და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას. როგორც მერიაში აცხადებენ, ყველაფერი ისე გაკეთდა, რომ ქალაქმა პანდუსით კიდევ მრავალი წელი ისარგებლოს.
პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებდა.