თამარ ლეფსვერიძე - სამადაშვილი ჟურნალისტ ბროლაძეს რომ ეუბნებოდა, ჩვენი ფულით ფინანსდებითო, თავად პარლამენტარები ვისი ფულით ფინანსდებიან
როდესაც ქალბატონი სალომე სამადაშვილი საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტ ანა ბროლაძეს მხოლოდ იმიტომ ეჩხუბებოდა, რომ მან ის კითხვა დაუსვა, რაც არ მოეწონა, უცებ, ვერ გავიგე რა ხდებოდა, დავჯექი და სამჯერ გადავახვიე, – განაცხადა ჟურნალისტმა, თამარ ლეფსვერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მეგონა, რომ ამაზე სრულიად მედია იქნებოდა სოლიდარული და განგაშის ზარებს ჩამოკრავდა. გამაგებინეთ, ეს რას ნიშნავს, რა დამოკიდებულებაა, რა ტონია?! სამადაშვილი ბროლაძეს რომ ეუბნებოდა, თქვენ ჩვენი ფულით, ბიუჯეტით ფინანსდებითო, უკაცრავად, მაგრამ თავად პარლამენტარები ვისი ფულით ფინანსდებიან? მერე კიდევ, ხელფასები შეადარონ ერთმანეთს. კეთილი ინებონ და მედიის წარმომადგენლებს ძალიან ზრდილობიანად, დაწეული ტონით ესაუბრონ, რადგან როცა ზოგიერთ მათგანს საკუთარ საძინებელში ტკბილი ძილით სძინავს და 4 000-ლარიან ხელფასს ამაში იღებს, საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ჩვენ სადღეღამისო რეჟიმში ვმუშაობთ“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.
მისი თქმით, მედიისადმი დამოკიდებულება, რაც ქართველ პოლიტიკოსებს აქვთ, კატეგორიულად მიუღებელია და ამაზე სადისერტაციო თემები უნდა იწერებოდეს.
„მათი მხრიდან ყვირილი და ხელების ქნევა რაღაც საოცრებაა და პოლიტიკოსებისა და მედიის ურთიერთობაზე სადისერტაციო თემები უნდა იწერებოდეს“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ის არ აპირებს, პოლიტიკოსთა მსგავსი ქმედებები რეაგირების გარეშე დატოვოს.
„არ ვაპირებ, რეაგირების გარეშე დავტოვო პოლიტიკოსთა ასეთი ქმედებები, ადა მარშანია იქნება ეს, სალომე სამადაშვილი, თუ სხვა. აი, თუნდაც, მათ სტატუსებს გადავხედოთ, გინდ უმრავლესობისას, გინდ ოპოზიციისას. რამე რომ არ მოეწონებათ და სათავისოდ არ იტყვის „რუსთავი 2“, „იმედი“, თუ ნებისმიერი სხვა, რაღაცებს წერენ და თან გულისრევის „სმაილებს“ ურთავენ. კიდევ უარეს „სმაილებსაც“ ურთავენ, მაგრამ ამას ეთერში რა მათქმევინებს. გესმით, ხალხო, რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს საქმე?“ – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.