თამარ ლეფსვერიძე - აბსოლუტურად არაამერიკული და არაევროპულია ადამიანებზე თავდასხმა განსხვავებული აზრის გამო, ძალადობას თუ არ გმობ და რეაქცია არ გაქვს, ესე იგი, მას ახალისებ
თამარ ლეფსვერიძე - აბსოლუტურად არაამერიკული და არაევროპულია ადამიანებზე თავდასხმა განსხვავებული აზრის გამო, ძალადობას თუ არ გმობ და რეაქცია არ გაქვს, ესე იგი, მას ახალისებ

მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებმაც თითქოს იციან, რა არის ამერიკა და რა არის ევროპა, რომ აბსოლუტურად არაამერიკული და არაევროპულია ადამიანებზე თავდასხმა განსხვავებული აზრის გამო, – ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ლეფსვერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ასე დემოკრატია არ შენდება. იცით, რატომ საუბრობენ მუდმივად იმაზე, რომ როგორმე დავივიწყოთ ის ცხრა წელი, როცა ამბობენ, კიდევ ცხრა წელზე საუბრობთო? იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რაც მაშინ მოხდა. სტიგმების დამკვიდრებაზე მათ ძალიან დიდხანს აქტიურად იმუშავეს, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები კი არა, ვინც უბრალოდ მათ გვერდით, აქციებზე არ არის, მათთან ერთად არ იძინებს და იღვიძებს, ყველა „გოიმია“ გაცხადებულად. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ გარშემო შემოიკრიბეს ადამიანები, რომლებისთვისაც არაფერს ნიშნავს ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლის იმ ფორმით შეურაცხყოფა, რა ფორმითაც ის შეურაცხყვეს. არცერთი ლიდერი არ გამოსულა და არ დაუგმია ეს, არ შეწუხებულა და თავი უხერხულად არ უგრძვნია ამის გამო“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

მისი თქმით, თუკი ძალადობას არ გმობ, ცხადია, ამით ძალადობას ახალისებ.

„მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აღარაფერი დარჩა ისეთი, რასაც არ ველოდი, მაინც გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და, განსაკუთრებით, ქალი ლიდერები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესთვის საღებავის შესხმა, ანუ ადამიანის გამეტება იმისთვის, რომ დააბრმავო, დაასახიჩრო და ჯანმრთელობა დაუზიანო, პროტესტის ფორმა ყოფილა და ამით ამართლებდნენ ასეთ ქცევას. თუ ძალადობას არ გმობ და ამაზე რეაქცია არ გაქვს, ესე იგი, მას ახალისებ“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

თამარ ლეფსვერიძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერებს ასევე არ დაუგმიათ ჟუნალისტებზე თავდასხმები, რასაც საზოგადოება ამ დღეების განმავლობაში უყურებდა.

„ძალადობრივ მოქმედებებზე თქვეს, ეს ცუდია, არასწორია და მიუღებელიაო? ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი და ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლები პირდაპირ ძალადობის წახალისებაზე არიან. იმ დღეს ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი, მივიდეთ და დავუწვათ რესტორანი „ქვევრიო“. ჩემს მეგობარ ლაშა ბასლაძეზეა საუბარი. გადავწვათო, იძახიან, მაგრამ მერე უცებ მივხვდი, რომ ამათი ჩვეული მეთოდებია. ისე, როგორც ქიბარ ხალვაშს დაუწვეს თავისი ბიზნესი. ეს მათთვის აპრობირებული მეთოდებია და, უბრალოდ, როდესაც თავიანთ მიზანს ვერ აღწევენ და ძალიან ბრაზდებიან, ამ ფორმით გამოაქვთ ეს ყველაფერი და საჯაროდ აცხადებენ. როგორ შეიძლება, ადამიანს ასეთი აზრები გაგიჩნდეს, ხომ? ეს რა არის?“ – განაცხადა ლეფსვერიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ლიდერთა განცხადებებს, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ, დახურავენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, თამარ ლეფსვერიძემ თქვა, რომ ისინი სწორედ ამიტომ ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში.

„აი, სწორედ ამიტომ ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში. ჩვენ ერთხელ უკვე გამოვლილი გვაქვს მათი ქმედებები და ის სიტუაცია, რას ნიშნავს მედიის დახურვა, რას ნიშნავს მედიაში სპეცრაზმით შეჭრა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს გზავნილი – გისურვებთ 7 ნოემბერს, ნიშნავს თუ არა ეს იმ ტელევიზიების თუ სხვა მედიასაშუალებების დარბევას და წართმევას, რომლებიც მათ ინტერსებს არ ატარებს, თამარ ლეფსვერიძემ აღნიშნა, რომ 7 ნოემბრის შემოქმედი ადამიანების მხარდამჭერებისგან ასეთი დამოკიდებულება და სურვილები არ უკვირს.

„მათ გააჟღერეს ის სურვილები, რასაც გააკეთებენ, თუ როდესმე რამე გზით მოახერხებენ, რომ ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება, რასაც, დარწმუნებული ვარ, ვერასდროს მოახერხებენ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ეს უკვე ნანახი გვაქვს, რას ნიშნავს მათ ხელში ძალაუფლება. 7 ნოემბერს გისურვებთ, ნიშნავს, რომ გისურვებენ სულხან მოლაშვილებს, ციხის ამბებს, კასრების საშინელ კადრებს, სანდრო გირგვლიანის ამბავს, რომლითაც დაიწყო ის ყველაფერი, რაც მაშინ დაიწყო. ეს სურვილი კრებსითად ნიშნავს, რომ გვისურვებენ იმ რეჟიმს, რასაც თავი დავაღწიეთ და საით მიბრუნებაც არავის უნდა. საქმე ისაა, რომ მათ ახლა ისეთი კრიზისული პერიოდი აქვთ, სიტყვებსაც ვეღარ აკონტროლებენ. უბრალოდ, ჩემთვის ძალიან გასაოცარია დღეს ამ საკითხზე იმ ჟურნალისტების დუმილი, რომლებიც 7 ნოემბერს იმ ტელევიზიაში ისხდნენ და მუშაობდნენ, რომელი ტელევიზიის წინაც ჩვენ ვიდექით იმ დღეს, როცა მისი აღება სპეცრაზმის გამოყენებით, შტურმით ხდებოდა“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.