თამარ კორძაიამ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა - ვწუხვარ, თუ კასპში რაც დღეს ხდება, არ გაგონებთ 2011 წლის ამბებს, მაშინ საზოგადოება თქვენ მხარეს იყო, დღეს იგივე ხდება და ტრიბუნიდან ძალადობას ახალისებთ
ძალიან ვწუხვარ, თუ კასპში დღეს რაც ხდება, არ გაგონებთ იმას, რაც ხდებოდა 2011 წელს. მაშინ საზოგადოება იყო თქვენს მხარეს, რადგან არ მოსწონდა ძალადობა. დღეს ხდება იგივე და თქვენ ამ ძალადობას ტრიბუნიდან ახალისებთ, – ამის შესახებ თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.
„თქვენ ამბობთ, რომ ემიჯნებით ძალადობას, მაგრამ გამიჯვნა სხვა არის. ჩემი თხოვნაა, დადგეთ თქვენი სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს და დღეს ამ ტრიბუნიდან თქვათ, ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პერსონალურად პრემიერ-მინისტრს თავს დაესხმება ვერბალურად, ეს იქნება ცარიელი ფურცელი თუ ნებისმიერი გამოთქმა, უნდა იყოს დაცული და არ გაეკაროს მას არცერთი პოლიციელი. ეს იქნება თქვენი რეალური გამოსვლა ძალადობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კორძაიამ.