თამარ კორძაია - საქართველოს ეკონომიკას და არც ერთ კერძო ბიზნესმენს განსაკუთრებული სარგებელი არ ექნებათ დაქცეული რუსული ეკონომიკის პირობებში
დამოუკიდებელ დეპუტატ თამარ კორძაიას განცხადებით, დღეს არის ისეთი ვითარება, როცა ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობა საქართველოსთვის სახელმწიფოებრივად დამაზიანებელია.
კორძაია რუსეთის ბაზარზე პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს.
„საქართველოს ეკონომიკას და არც ერთ კერძო ბიზნესმენს არავითარი განსაკუთრებული სარგებელი არ ექნებათ დაქცეული რუსული ეკონომიკის პირობებში. ეს ყველაფერი არის ორმაგი პოლიტიკური სტანდარტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ელაქუცება. არ ვფიქრობ, რომ კომპანიების მორალურ და ამორალურ კერძო პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბრო, სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებები. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა“, – განუცხადა თამარ კორძაიამ საქართველოს პირველ არხს.