თამარ კორძაია - სახიფათოა, რაც ხდება რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით
ჩვენს ქვეყანაში ვიწროვდება ყველა სივრცე, რომელიც თავისუფალი აზრისა და მოქმედების შესაძლებლობას ქმნიდა. ძალიან სახიფათოა, რაც ხდება რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თამარ კორძაია რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, არცერთი სერიოზული განცხადება ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულის უარყოფასთან დაკავშირებით არ მომხდარა.
„თქვენი პარტიული ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის ძალიან კარგი, რომ მილიონი ქართველია თურმე რუსეთში. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებენ, რომ რუსეთიდან ფრენების აღდგენის შემთხვევაში, ფრენის უსაფრთხოება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეს თვითმფრინავები არ რემონტდება, ისინი აკრძალულია ჩვენს ყველა პარტნიორ სახელმწიფოში და ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის სანქცირებას. ამას თუ დაუშვებთ, ეს იქნება სწორედ საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი ქვეყნის მტრობა, რადგან თქვენივე ყველა გამოკითხვით საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და თქვენ უშვებთ იმას, რომ სწორედ იმ სამყარომ, რომელშიც ინტეგრაცია უნდათ ჩვენს მოქალაქეებს, დაგვიწესოს სანქციები ფრენების აღდგენის გამო“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.